თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოეზიის საღამო გაიმართა სახელწოდებით - ,,სამარხვო საღამო".
საღამოს ორგანიზატორები იყვნენ ახალგაზრდა პოეტები: თორნიკე ნაროზაული, ირაკლი დეისაძე და ნიკოლოზ ხახუტაშვილი. მათ წაიკითხეს ლექსები თავიანთი შემოქმედებიდან, რაც, ძირითადად, პატრიოტულ-რელიგიურ მოტივებს ეძღვნებოდა. შემდეგ საღამო წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში. დამსწრე აუდიტორია ფურცლებზე წერდა კითხვებს, ორგანიზატორები კი ხან სერიოზულად, ხანაც ხუმრობით პასუხობდნენ.
ჩვენ ვესაუბრეთ საღამოს ერთ-ერთ ორგანიზატორს ნიკოლოზ ხახუტაშვილს, რომელმაც განგვიმარტა, თუ რატომ დაერქვა საღამოს ,,სამარხვო" და, ზოგადად, რას ეძღვნებოდა დღევანდელი ღონისძიება: ,,პირველ რიგში, სახელწოდება იყო სატირული, რადგან ბოლო პერიოდში საკმაოდ მომრავლდა სამარხვო შაურმები, სამარხვო ძეხვები და ასე შემდეგ, მეორე მხრივ, ახლა დიდი მარხვის პერიოდია და სახელიც სიმბოლურია და მესამე, მარხვა ძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს აღბეჭდვას, დამახსოვრებას, ჩამარხვას და ჩვენც გვინდა, რომ დღევანდელი საღამოც თითოეული აქ მობრძანებული ადამიანისთვის ყოფილიყო დასამახსოვრებელი. ამავდროულად, მინდა ვთქვა, რომ არავის მორალს არ ვუკითხავთ, მართალია, ჩვენ ქრისტიანები ვართ, მაგრამ ჩვენ ეკლესიის სახელით არ გამოვდივართ, რადგან ამისთვის არც განათლება გვაქვს საკმარისი და არც ცდუნება, უბრალოდ, როგორც რიგითმა ახალგაზრდებმა, გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია დღევანდელ მოვლენებზე".
ჩვენ ასევე გავესაუბრეთ საღამოზე მყოფ ერთ-ერთ სტუდენტს გიორგი მეგრელიშვილს: ,,ძალიან კარგი საღამო იყო. მართალია, დაგვიანებით დაიწყო, თუმცა, მოლოდინი გამართლდა და სიამოვნება მივიღეთ. ძალიან ბევრი კარგი ლექსი მოვისმინეთ, მომეწონა დღევანდელი საღამოს მთავარი მოტივი, რომელიც იყო ის, რომ ჩვენ უნდა გვიყვარდეს საქართველო და გავერთიანდეთ საქართველოს ერთიანობითვის".
როგორც ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა თორნიკე ნაროზაულმა გვითხრა, ამ ტიპის საღამოები გაგრძელდება სხვადასხვა უნივესიტეტში ყოველ პარასკევს: ,,ძალიან მაგარი საღამო იყო, ემოციებით იმდენად ვარ დატვირთული, სიტყვების მოძებნაც მიჭირს ამის გამოსახატავად. პირველ რიგში, ბევრი ხალხი იყო, კარგი მსმენელი, კარგი კითხვები იყო, გული მხოლოდ იმაზე დაგვწყდა, რომ ხალხი ვერ დავტიეთ. ამის შემდეგ ვაპირებთ კიდევ სამ უნივერსიტეტში ამგვარი საღამოს გამართვას, ეს უნივერსიტეტები იქნებიან: სამედიცინო უნივერსიტეტი, ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. თუმცა, სხვა უნივერსიტეტებისგანც მივიღეთ მოწვევა და თუკი სააამისო დრო დაგვრჩა, სიამოვნებით მივალთ სხვაგანაც".