დევნილთა ახალგაზრდული ორგანიზაციის თაოსნობით დღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წინ საპროტესტო აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ თბილისში, გუდიაშვილის 17 ნომერში არსებული შენობიდან დევნილების დაგეგმილ გამოსახლებას. მათი თქმით, ეს შენობა ეკუთვნის ეკონომიკის სამინისტროს, რომელიც მათგან თვის ბოლოს საცხოვრებელი ფართების დაცლას მოითხოვს. დევნილებთან ერთად აქციაზე იმყოფებოდნენ ,,დევნილთა სამოქალაქო საზოგადოების", მოძრაობა ,,სოლიდარობისა" და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
როგორც აქციის მონაწილე ნონა ჯგამია ამბობს: "ჩვენ ვართ აფხაზეთიდან დევნილები, ამჟამად ვცხოვრობთ გუდიაშვილის 17 ნომერში. ეს შენობა ეკუთვნის ეკონომიკის სამინისტროს. ჩვენ ვართ ხალხი, რომელსაც 23 წლის განმავლობაში არაფერი მიგვიღია სახელმწიფოსგან და 2 წლის წინ შევედით ამ მისამართზე, მაგრამ მანამდე იქ ცხოვრობდა 14 დევნილი ოჯახი. ახლა გვეუბნებიან, რომ თვის ბოლომდე ეს შენობა უნდა დაცალოთ-ო. ჩვენ რომ გვქონდეს წასასვლელი ადგილი, წავალთ. ჩვენი მოთხოვნაა, ეს შენობა დაგვიმტკიცონ. სანამ ახალი ბინები არ აშენდება, მანამდე დავრჩებით აქ. შემოგვთავაზეს, რომ ქირით გადავსულიყავით, მაგრამ ჩვენ ამაზე არ ვართ თანახმა. გადაიხდიან ერთ-ორ თვეს და შემდეგ ჩვენ უნდა ვიხადოთ. ჩვენ დავიქირავეთ ადვოკატი და არასამთავროებიც დაინტერესდნენ ჩვენი მდგომარეობით".
ადვოკატ ლაშა შუკაკუძის განცხადებით: "მე ვარ მოძრაობა ,,სოლიდარობის" თავმჯდომარე. დღეს აქციას ვმართავთ იმ მიზნით, რომ დევნილთა სამინისტრომ განახორციელოს კანონით განსაზღვრული ვალდებულება და გუდიაშვილის 17 ნომერში მცხოვრებ დევნილებს დაურეგისტრიროს აღნიშნული ფართობი, რომელშიც ზოგიერთი მათგანი 15 წელია ცხოვრობს. შეხვედრის მეორე მიზანია, ბატონმა დავით დარახველიძემ შეწყვიტოს სხვა დევნილებზე ზეწოლა, რომელსაც ახორციელებს სიტყვიერად და ფსიქოლოგიურად. ასევე შეწყდეს თანხის ფლანგვა პირადი მიზნებისათვის და ჩაჯდეს ხელფასის ფარგლებში. ასევე შეწყდეს სამსახურიდან კადრების უკანონოდ გათავისუფლება და სამსახურში ნათესაური კავშირით თანამშრომლების აყვანა".
,,დევნილთა სამოქალაქო საზოგადოების" წარმომადგენელი ოთარ იოსელიანი ამბობს, რომ დევნილთა სამინისტროს მხრიდან ადგილი აქვს ზეწოლის ფაქტებს: "გუდიაშვილის 17 ნომერში მცხოვრები დევნილები დაიბარეს სამინისტროში და თითოეულთან მოხდა გასაუბრება, იყო ზეწოლა, როგორც ფსიქოლოგიური, ასევე შეურაცხმყოფელი, თუ როგორ გაცვიათ და ა.შ. ჩემი აზრით, უნდა მორჩეს მსგავსი ტიპის პროვოკაციული ნაბიჯები. უბრალოდ, მეტი ყურადღება მიექცეს დევნილებს".
აქციის დაწყებიდან რამდენიმე წუთში აქციის მონაწილეებს სამინისტროს წარმომადგენელმა სთხოვა მათგან მისულიყვნენ მოსალაპარაკებლად რამდენიმე ადამიანი, რაზეც აქციის მონაწილეებმა უარი განაცხადეს. სამინისტროდან მათთან შესახვედრად არავინ მოსულა. აქციის მონაწილეებმა სამინისტროს მიმდებარე გზა გადაკეტეს და სიმბოლურად კვერცხები ესროლეს შენობას.