"ახალგაზრდული პოლიტიკური კლუბისა" და თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით დღეს გაისხნა პროექტი სახელწოდებით - "საქართველოს ნატოში გაწევრიანების მექანიზმები და პერსპექტივები", რომელიც 2014 წლის 27 მარტის ჩათვლით გაგრძელდება თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტში.
პროექტის მიზანი ნატოს შესახებ ახალგაზრდების ინფორმირებას ემსახურება, პროქტის ფარგლებში იგეგმება დებატები, კონფერენციები, სესიები, რაც უფრო გამოკვეთს ნატოში შესვლის მექანიზმებსა და საქართველოს მზადყოფნას ნატოსთვის.
"ახალგაზრდული პოლიტიკური კლუბის" პრეზიდენტს სოფიო კვარცხავას განცხადებით: "პირველ ეტაპზე ელექტრონული აპლიკაციის შედეგად და შემდეგ გასაუბრების საფუძველზე შეირჩა 18-დან 25 წლამდე 50 სტუდენტი. ტრენინგის განმავლობაში მომხსენებლები სტუდენტებს მიაწვდიან ინფორმაციას ნატო-ს შესახებ (ისტორიული მიმოხილვა, სტრუქტურა, ტრანსფორმაცია, საქართველოს სტრატეგიული არჩევანი - ნატო), ისაუბრებენ ნატო-ს მისიებისა და მისი ეგიდით წარმოებულ სამშვიდობო ოპერაციების, ასევე ნატო-საქართველოს თანამშრომლობის არსებული მექანიზმებისა და მომავალი პერსპექტივების შესახებ.
პროექტის ფარგლებში სტუდენტები დაათვალიერებენ "კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრს", გაეცნობიან, თუ როგორ ფუნქციონირებს ის, რა მომზადებას გადიან საქართველოს შეიარაღებული ძალების ცალკეული ქვედანაყოფები საერთაშორისო მისიებში გამგზავრებამდე.
დასკვნით დღეს გაიმართება პოლიტიკური ფორმატის დებატები თემაზე: საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების დადებითი და უარყოფითი მხარეები".
ღონისძიებაზე იმყოფებოდა სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი, რომელმაც ისაუბრა ევროინტეგრაციის სახითხებზე. მისი თქმით, "ვფიქრობ, საქართველოს შესაძლებლობა უკრაინის გარშემო განვვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე უფრო მაღალ დონეზეა, არ გამოვრიცხავ, რომ ძალიან მალე ხელი მოეწეროს დოკუმენტს, რომელიც დააჩქარებს საქართველოს შესვლას ნატო-ში. რაც შეეხება დღევანდელ ღონისძიებას, მივესალმები ამ წამოწყებას, ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან საზოგადოების ინფორმირებულობა აუცილებელია, სწორედ საზოგადოებისა და ახალგაზრდების არჩევანი უნდა იყოს ღირსეული".
ღონისძიებას ესწრებოდა საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის საკითხებში.
როგორც ერთ-ერთმა მონაწილე დიმა ქარჩავამ აღნიშნა: "ძალინ მიხარია, რომ ამ პროექტის მონაწილე ვარ, ინფორმაცია პროექტის შესახებ სოციალური ქსელის მეშვეობით მივიღე და გადავწყვიტე, აპლიკაცია გამეგზავნა, რადგან ვფიქრობ, დღეს ეს თემა ძალიან აქტუალურია, მაინტერესებს დადებითი და უარყოფითი მხარეები. ახალგაზრდების უმეტესობა ინფორმაციის ნაკლებობას განიცდის ამ საკითხში და მიხარია, რომ მე ვიქნები ის ადამიანი, ვინც გარკვეულ ნაწილს მაინც შეუქმნის წარმოდგენას ნატოს შესახებ, მასში შესვლის მექანიზმებზე".
პროექტის დასრულების შემდეგ გაიცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.