როგორ შეიძლება მოხდეს სიძულვილის ენის რეგულაცია საუნივერსიტეტო სივრცეში? როგორია სიძულვილის ენის რეგულაციის პრაქტიკა მსოფლიოში? - ამ და სხვა კითხვებს პასუხი დღეს ილიას სახელმწიფო უნვერსიტეტში გამართულ დისკუსიაზე გაეცა.
დისკუსიის პარალელურად ფილმის ჩვენებაც შედგა, ამ ყველაფრის ინიციატორი კი სტუდენტური მულტიმედია ჯგუფი ,,რეაქტორი" იყო.
მომხსენებლები იურისტი ნინო ბოლქვაძე, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე ნათია კუპრაშვილი და მულტიმედია ჯგუფ ,,რეაქტორის" წევრი ბექა გაბადაძე იყვნენ.
,,მე ვაპირებ, გავცდე ამ თემას იმიტომ, რომ ვერ წარმომიდგენია ასე ცალსახად სიძულვილის ენაზე ვისაუბრო და არა - მის შედეგებზე, ეს კი არის სიძულვილით მოტივირებული დანაშაული" - აღნიშნა ნინო ბოლქვაძემ დისკუსიის დაწყებამდე.
სწორედ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების კონკრეტულ შემთხვევებს ასახავდა ღონისძიებაზე ნაჩვენები ფილმი, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტების მიერაა მომზადებული.
როგორც ბექა გაბადაძემ გვითხრა, პროექტის მთავარი მიზანია არსებული გარემოს შეცვლა და ალტერნატიული გზების შეთავაზება უფრო ტოლერანტული ატმოსფეროს შესაქმნელად, როგორც სტუდენტების, ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის.
ღონისძიება პროექტის "სახელმწიფო უნივერსიტეტებში ტოლერანტობის გარემოს ხელშეწყობა" ფარგლებში გაიმართა.
პროექტი ჯგუფ ,,რეაქტორის" ინიციატივით თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, გორისა და თელავის სახელწიფო უნივერსტეტებში იმართება და მისი მხარდამჭერია ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო".