,,ევროპის აკადემიური ცენტრის" ინიციატივით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა სტუდენტებთან.
შეხვედრის მიზანი იყო, სტუდენტები დეტალურად გაცნობოდნენ ცენტრის სერვისებსა და პროგრამებს. ,,ევროპული აკადემიური ცენტრი" სტუდენტებს სთავაზობს სხვადასხვა ქვეყანაში გაცვლით პროგრამებს. შეხვედრის განმავლობაში საუბარი იყო სწავლების ინოვაციურ მეთოდებზე. იგეგმება ,,ევროპის აკადემიური ცენტრსა" და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორი მემორანდუმის გაფორმებაც.
"ევროპის აკადემიური ცენტრის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის გიორგი ცობეხიას განცხადებით, ,,დღევანდელი ჩვენი შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ის, რომ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს მისცემოდათ საშუალება, ჩართულიყვნენ საგანმანათლებლო სფეროში და გაცნობოდნენ იმ ასპექტებს, რომლებიც უმნიშვნელოვანეს ეტაპს წარმოადგენს პიროვნული განვითარებისათვის. ასე ვთქვათ, ჩვენ ვაწარმოებთ იმ პროდუქტს, რომელიც აუცილებელია სტუდენტებისა და მათი პროფესიული განვითარებისათვის. გაცვლით პროგრამებზე როცა იყო საუბარი, ხედავდით, რომ აქტიურად დაინტერესდნენ სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტები და ვიმედოვნებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება. სამომავლოდ ეს გამოიხატება მემორანდუმის ხელმოწერით. ამავე დროს ჩვენ დავაწესებთ სპეციალურ შეთავაზებას სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის".
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის მანანა ნათენაძის თქმით: ,,ვფიქრობ, მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, გავეცანით "ევროპის ახალგაზრდული ცენტრის" გეგმებს, ძალიან პერსპექტიული ორგანიზაციაა. ნიშანდობრივია, რომ ეს ორგანიზაცია აპირებს მემორანდუმის გაფორმებას ჩვენს უნივერსიტეტთან. ამით უფრო გაგვიმარტივდება ურთიერთობა მათთან. მე პირადად, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე არ ვგეგმავ მონაწილეობას, მაგრამ ბიზნესისა და სამართლის მიმართულებით ვინც სწავლობს, საინტერესო პროგრამები აქვთ და აუცილებლად დაინტერესდებიან ამით".