ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორმა ქეთევან ჭანტურიამ კოგნიტურ რეაბილიტაციაზე ლექცია წაიკითხა.
ქეთევან ჭანტურია ლონდონის კინგს კოლეჯის პროფესორი და კონსულტანტია კლინიკურ ფსიქოლოგიაში. მისი საქმიანობა ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში ფოკუსირებულია კვების რეჟიმის დარღვევის, ანორექსიის დაავადებების კვლევაზე და კლინიკურ სამუშაოებზე. ის არის რამდენიმე პროფესიული ორგანიზაციის წევრი, როგორებიცაა: BPS, HPC, EDRS, AED. სემინარი 2 საათს გაგრძელდა. ქეთევან ჭანტურიამ ამომწურავად ისაუბრა კოგნიტურ მედიცინაზე, ასევე ანორექსიაზე, რომელიც არცთუ ისე იშვიათია დღევანდელი მსოფლიოსთვის. "ანორექსიით დაავადების დროს უმადობას საფუძვლად უდევს დისმორფოფობიული მდგომარეობა, აკვიატების ერთ-ერთი ფორმა, რომლის დროსაც ავადმყოფს უჩნდება ეჭვები საკუთარი სხეულის სიმსუქნესთან დაკავშირებით. ნევროზული ანორექსიით დაავადებულ ადამიანს უჩნდება პანიკური შიში და არაადეკვატური წარმოდგენა საკუთარ სხეულზე. იპყრობს გაუმართლებელი, პათოლოგიური სურვილი იმისა, რომ წონაში დაიკლოს მაშინაც კი, როდესაც ის რეალურად სიგამხდრისგან თითქმის გამოფიტულია. შეიძლება ითქვას, რომ ამ დაავადების მქონე ადამიანები ისე ხდებიან დამოკიდებულები სიგამხდრეზე, როგორც ნარკომანები და ალკოჰოლიკები. სტატისტიკური მონაცემებით, ანორექცია უფრო მეტად ქალებში ვლინდება" – აღნიშნა ქეთევან ჭანტურიამ.
ლექციაზე იმყოფებოდნენ სტუმრები სხვადასხვა სამეცნიერო კვლევითი ცენტრიდან. ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. პროფესორმა განაცხადა, რომ მსგავს ლექციას ერთი წლის შემდეგ კიდევ ჩაატარებს.