განათლების სოციალური და პოლიტიკური ასპექტების პრობლემატიკა საქართველოსა და მსოფლიოში: ნეოლიბერალიზმი და სტუდენტური წინააღმდეგობა - ამ სახელწოდებით გაიმართა საჯარო ლექცია თსუ-ში.
აღნიშნული ღონისძიება ჩატარდა "სტუდენტთა თვითორგანიზების ქსელის" პროექტის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებდა საჯარო ლექციისა და დისკუსიის ჩატარებას განათლების პრობლემატიკის თეორიულ ასპექტებსა და სტუდენტური პოლიტიკური აქტივიზმის ისტორიის შესახებ, კონკრეტულად კი შემდეგ თემებზე:
• სტუდენტური მოძრაობების წარმოშობა და ისტორიული მიმოხილვა
• წინააღმდეგობის ტაქტიკები და ფორმები
• სახელმწიფოს პოლიტიკა სტუდენტურ ამბოხებთან მიმართებაში
• ქართული და უცხოური სტუდენტური მოძრაობების ანალიზი
• ჩილეს ფართომასშტაბიანი სტუდენტური მოძრაობა
• სტუდენტური პროტესტი საქართველოს უახლეს ისტორიაში
• "ლაბორატორია 1918" სტუდენტური აქტივიზმის პერსპექტივები
"განათლების საკითხები წარმოადგენს ერთ-ერთ ცენტრალურ სოციალურ და პოლიტიკურ პრობლემას თანამედროვე სამყაროში. დღეს მსოფლიოში გაბატონებულმა ნეოლიბერალურმა წესრიგმა, რომელიც განათლებასთან მიმართებაში მის სრულ კომერციალიზაციას გულისხმობს, გამოიწვია სტუდენტის ეკონომიკური ექსპლუატაცია, მისმა იდეოლოგიურმა ჰეგემონიამ კი სტუნდენტი აწარმოა აპოლიტიკურ სუბიექტად. ამ პროცესებმა წარმოშვა ახალი სოციალური კონფლიქტები დაწყებულო უფასო განათლების მოთხოვნიდან - დამთავრებული სასწავლო პროცესის დემოკრატიზაციით. სწორედ ეს გახლდათ პროექტის იდეა, რომელიც ხორციელდება თბილისში, თელავსა და ქუთაისში" - განაცხადა პროექტის მონაწილემ თინა ყიფშიძემ.
სალომე დანელიამ, რომელიც ასევე პროექტის მონაწილეა, ჩვენთან საუბარში აღნიშნა: "ჩვენ ვართ "ლაბორატორია 1918"-ის წევრები, მიუხედავად იმისა, რომ ლაბორატორია დაიშალა, შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი სახელწოდებით "1 მაისი", რომელიც საქმიანობას აგრძელებს "ლაბორატორია 1918"-ის მაგალითზე. პროექტი აპრილში სრულდება, თუმცა, ჩვენ ვაპირებთ, გავხსნათ ლაბორატორიები საქართველოს უნივერსიტეტების მასშტაბით, ამის შესაძლებლობას კი სწორედ ეს პროექტი გვაძლევს, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს".
პროექტი ხორციელდება ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" მხადაჭერით.