კავკასიის უნივერსიტეტში "ფრანკოფონია 2014"-ის ფარგლებში სტუდენტური შემეცნებით-შემოქმედებითი კონკურსი "ჩემი საფრანგეთი" ჩატარდა.
კონკურსანტებმა შემოქმედებით ფორმატში წარმოადგინეს საკუთარი საკონკურსო დავალებები ფრანგულ ენაზე. პრეზენტაციები შეეხებოდა საფრანგეთის კულტურასა და ცივილიზაციის სხვადასხვა საფეხურს: "ოპერის მისტერიები", "ნაპოლეონი - კაცი, რომელიც მართავდა მსოფლიოს", "შანელის სახლი", "ეძიეთ ქალი!"
"ლამაზი ფრანგული ქალაქები, რომლებიც საფრანგეთის სამკაულია, ხოლო გვირგვინი არის პარიზი ლამაზი ქუჩებით, კაფეებით, მეტროთი და ხალხით" - ასე წარადგინა მარიამ ბეჟუაშვილმა საკუთარი თემა "ჩემი პარიზი".
საფრანგეთის ღირსეულ მოღვაწეთა განხილვისა და ამ ქვეყნის ღირსშესანიშნაობების აღნიშვნისას არც ცნობილი ფრანგი მომღერალი, პოეტი და მსახიობი სერგ გეინსბურგი გამორჩენიათ, რომელზეც ქეთევან კაპანაძემ ისაუბრა.
დიდი მოწონენა დაიმსახურა გიორგი ჯობავას კრეატიულმა და საინტერესო პრეზენტაციამ "სულ სხვა რაკურსით".
დასკვნით ეტაპზე საკონკურსო ნამუშევრები შეაფასეს და გამარჯვებული გამოავლინეს ჟიურის წევრებმა.
კონკურსის გამარჯვებული ქეთევან კაპანაძე სწავლის საფასურით დააჯილდოვეს, ხოლო დანარჩენ მონაწილეებს ღონისძიების მხარდამჭერმა ორგანიზაციებმა სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
შეგახსენებთ, რომ სტუდენტური შემეცნებითი კონკურსის "ჩემი საფრანგეთი" სახით კავკასიის უნივერსიტეტი წელს პირველად შეუერთდა ფრანკოფონიის საზეიმო ღონისძიებას, რომელსაც ყოველწლიურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღნიშნავს ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაცია. კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს სტუდენტებს, გამოავლინონ მათი ინტერესი საფრანგეთის, ფრანგული ენისა და, ზოგადად, ევროპული კულტურისა და ფასეულობისადმი.