კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტებსა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით ნარმანიას შორის შეხვედრა გაიმართა.
მინისტრმა ისაუბრა, თუ რა კეთდება დღეს მათი უწყების მხრიდან სახელმწიფოში და რა სამომავლო პერსპექტივებია დაგეგმილი დედაქალაქსა და რეგიონებში. მისი თქმით, დღეს სამინისტრო ორი ძირითადი მიმართულებით მუშაობს: ეს არის რეგიონული განვითარება და ინფრასტრუქტურის მოდერნიზება. საქართველოში რეგიონული განვითარება დამყარებულია 2013-2017 წლების სტრატეგიაზე. მან ასევე ისაუბრა თვითმმართველობებზე, რომელთა რეფორმების პროცესი უკვე დაწყებულია.
რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, სამინისტრო მუშაობს ოთხი ძირითადი ფუნქციით: საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოს გზების მოვლა-პატრონობა, წყალმომარაგების ღონისძიებების გატარება საქალაქო ტიპის დასახლებებში, სხვადასხვა სახის მუნიციპალური და რეგიონალური პროექტის განხორციელება, როგორიცაა დევნილთა ხელშეწყობა, ტურიზმის განვითარება, ნაგავსაყრელების მოწესრიგება, რომელიც გასულ წელს დაიწყო. ნაგავსაყრელების პროექტი დამტკიცებულია, რომლის მეშვეობით ქუთაისთან ახლოს ნაგავსაყრელი აშენდება.
დავით ნარმანიამ ისაუბრა დამატებით დაფინანსებაზე, რომლებსაც აწვდიან საერთაშორისო ორგანიზაციები, თუმცა, მან განაცხადა, რომ "დაფინანსებები დონორი ორგანიზაციებისგან არის შეღავათიანი, საპროცენტო განაკვეთები 8-10-წლიანი, კრედიტის პროცენტები კი - დაბალპროცენტიანი. ამ დონორი ორგანიზაციების პლუსი არის ის, რომ მათ ჩვენს ქვეყანაში შემოაქვთ ევროპული სტანდარტები და ინოვაციები". შეხვედრის ბოლოს მან ხაზი გაუსვა იმ ოთხი კომისიის მუშაობას, რომელსაც სამინისტრო ხელმძღვანელობს, ეს არის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის კომისია, კონფლიქტურ ზონებთან არსებული მდგომარეობის შემსწავლელი კომისია, რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისია და მიუსაფართა პრობლემების მოგვარებაზე ორიენტირებული კომისია.