ახალგაზრდა შემოქმედთა პოეზიის საღამო ხაშურში
05 აპრილი, 2014
    ახალგაზრდა შემოქმედთა პოეზიის საღამო ხაშურში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ხაშურში არასამთავრობო ორგანიზაციის "ახალგაზრდები ახალგაზრდობისა და მომავლისთვის" პროექტის "ინტელექტუალური საქართველო" ფარგლებში გაიმართა ლიტერატურული საღამო ახალგაზრდა პოტების მონაწილეობით.

პროექტში მონაწილეობა მიიღეს, როგორც ცნობილმა პოეტებმა: თეა თაბაგარმა, ნატა ვარადამ და თორნიკე ჭელიძემ, ასევე დებიუტანტმა მწერლებმა: თამუნა გიუნაშვილმა და ცია ლაბაძემ.

ღონისძიება ხაშურის მეორე საჯარო სკოლაში ჩატარდა. აღნიშნულ საღამოს ესწრებოდნენ ამავე ქალაქის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და ახალგაზრდები.

მოსწავლეებმა მიწვეული პოეტების ლექსები წაიკითხეს და ცოცხალი მუსიკით გააფორმეს საღამო.

ერთ-ერთი პოეტის ნატა ვარადას თქმით, "ძალიან სასიამოვნო საღამო იყო, ადგილობრივები კარგად დაგვხვდნენ და, რაც მთავარია, დღეს ხშირად ვსაუბრობთ წიგნიერების დაბალ დონეზე საქართველოში, მაგრამ, ვფიქრობ, ხაშურის სკოლის მოსწავლეებს თუ ნახავთ, მიხვდებით, რომ ამის პრობლემა აქ არ არის. მათ იციან პოეზიაც და ლიტერატურაც".

"მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. კმაყოფილი ვარ იმით, რომ არის ინტერესი თანამედროვე ქართული ლიტერატურისადმი. ბავშვებს უყვართ პროზა, პოეზია, იციან სხვადასხვა თანამედროვე პოეტის ლექსები და ნაწარმოებები. ვფიქრობ, რომ კარგი იქნება, თუ სახელმწიფოს მხრიდან იქნება ხელშეწყობა იმისათვის, რომ გაიმართოს მსგავსი ტიპის შეხვედრა. ეს ხელს შეუწყობს კონტაქტის სიმჭიდროვეს ახალგაზრდა ხელოვანებსა და მხითხველს შორის" - განაცხადა პოეტმა თეა თაბაგარმა.

როგორც პროექტის ორგანიზატომა ალექსანდრე ახალკაცმა აღნიშნა: "ამ პროექტის არსი არის ის, რომ თანამედროვე ცნობილ ავტორებთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობენ დებიუტანტი ხელოვანი ადამიანებიც, რაც მათ აძლევს იმის საშუალებას, რომ გადააბიჯონ იმ ზღვარს, რასაც ფსიქოლოგიური ბარიერი ჰქვია. პროექტი მომავალშიც გაგრძელდება. მის ფარგლებში ლიტერატურული საღამოები გაიმართება საქართველოს რეგიონებში, სკოლებში, რომლებზეც მოწვეულნი იქნებიან ახალგაზრდა შემოქმედები. ასევე ითვალისწინებს ფართო აუდიტორიისათვის თანამედროვე ავტორების გაცნობას". 

თორნიკე ჭელიძე აღნიშნავს, რომ "თბილისში ყველაფერი ტარდება, მაგრამ ადამიანებს ეს ან მობეზრებული აქვთ, ან არ აინტერესებთ. რაც შეეხება რაიონებს, აქ საერთოდ არაფერი არ ხდება, ამიტომ მივესალმები ამგვარ წამოწყებას და აუცილებელია მსგავსი ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდებოდეს და ადამიანები ვხვდებოდეთ ერთმანეთს" -განაცხადა პოეტმა.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary