ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონკურსის "ვიაროთ ბიბლიოთეკასთან ერთად" შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე ჟიურის წევრებმა შერჩეული ნამუშევრები წარმოადგინეს და ავტორებს პრიზები გადასცეს.
გამოვლინდა 3 გამარჯვებული. პრიზები მიიღეს საუკეთესო სლოგანისა და მხატვრული ნამუშევრის ავტორებმაც. წარდგენილი 35 ნამუშევრიდან ბიბლიოთეკის სიმპათიაც შეარჩიეს.
"გვინდოდა, სიახლოვე გამოგვეხატა სტუდენტების მიმართ, თანაც გვსურდა, ბიბლიოთეკას სლოგანი ჰქონოდა" - აღნიშნა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ხათუნა ჩუგოშვილმა.
,,კონკურსი ძალიან საინტერესო იყო და განსხვავებული სხვა კონკურსებისაგან, მე მეორე ადგილი დავიკავე, თუმცა, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა" - გვითხრა აფაიათ ალიევამ.
კონკურსი 2014 წლის 10 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა. საკონკურსო პერიოდში ბიბლიოთეკაში შემოსულ სტუდენტებს შეეძლოთ, დაეწერათ მათ მიერ მოფიქრებული სლოგანები და ისტორიები უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაზე.
როგორც მესამე ადგილზე გასულმა გიორგი ჯღარკავამ თქვა, ბიბლიოთეკა ხშირად ძალიან საინტერესო ღონისძიებებს ატარებს, თუმცა, ეს მათ შორის საუკეთესო იყო: ,,დიდი მადლობა ორგანიზატორებს ამ იდეის განხორციელებისათვის და იმისთვის, რომ დააფასეს ჩვენი აქტიურობა".