ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია "ლიგამუსში" თანამედროვე რუსი ხელოვნების კრიტიკოსის, მედიამკვლევარისა და ფილოსოფოსის ბორის გროისის ესეების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა.
აღნიშნულ საღამოს გაუძღვა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიგა ზედანია. პრეზენტაციაზე ისაუბრეს წიგნის მთარგმნელებმა სოსო ჭაუჭიძემ და თორნიკე ჭუმბურიძემ.
წიგნის პრეზენტაციაზე პროფესორმა გიგა ზედანიამ ისაუბრა მთარგმნელთა შესახებ: "ჩვენ ვიცით კანტის, ფუკოს, კანდინსკის თეორიული ტექსტები, შესაბამისად, გროისის ესეების თარგმნა კარგი გაგრძელებაა. გამოჩნდა ილიაუნისა და თსუ-ს ორი სტუდენტი და მათ გადაწყვიტეს, ეთარგმნათ გროისის თანამედროვე ესეები, სადაც ფილოსოფოსი წარმოდგენილია არამარტო პოსტსაბჭოთა სივრცის განმხილველად, არამედ, ზოგადად, ის აქცენტს აკეთებს თანამედროვე მსოფლიო თემებზე. ესეები ამ ახალგაზრდებმა თარგმნეს ინგლისური ენიდან".
კრებული შედგება რვა ესესგან. ერთ-ერთმა მთარგმნელმა თორნიკე ჭუმბურიძემ აღნიშნა, რომ ისინი ქმნიან ერთგვარ მთლიანობას არასრულ, მაგრამ დამაკმაყოფილებელ წარმოდგენას ბორის გროისის ბოლოდროინდელ მოღვაწეობაზე. ასევე ერთ-ერთ ძირითად თემატიკას წარმოადგენს ცნობილი ურთიერთმიმართება ესთეტიკის პოლიტიზაციასა და პოლიტიკის ესთეტიზაციას შორის.
სოსო ჭაუჭიძის თქმით: "პირველი, რასაც გროისთან ნათლად შევამჩნევთ, ის ცდილობს, რომ როგორც მოდერნისტული, ასევე პორტმოდერნისტული სახელოვნებო სივრცე მოიხელთოს მისსავე მკლავებში და ამ ტოტალობაში მოთამაშე ფიგურებს მიუჩინოს თავიანთი ადგილი იმ იდეოლოგიის ან იმ ტექნოლოგიური ტრანსფორმაციების კვალდაკვალ, რომელიც განიცადა ხელოვნების ნიმუშთა ციფრულ ნაწარმოებად გადასვლაზე. ასევე საინტერესოა, გროისი როგორ განმარტავს ხელოვანისა და დამთვალიერებლის ურთიერთობას, რომელიც უკვე ხელოვნების ნიმუშის ციფრული ნაწარმოების ეპოქაში გაშუალებულია კურატორის ფიგურად. ეს ფიგურა კი რაღაცნაირად არეგულირებს ამ ურთიერთობას" - განმარტა მთარგმნელმა.
როგორც მწერალმა ეკა თხილავამ განაცხადა: "პირველ რიგში, ეს არის საინტერესო იდეა, რომ სტუდენტები დაინტერესდნენ ამ თემით. ჩვენს ფსიქოლოგიურ შტრიხებს ეს სწორედაც რომ ესადაგება და ბევრ ისეთ პრობლემაზე ჩაგვაფიქრებს, რომელიც დღეს არსებობს და რომელზე ლაპარაკსაც გავურბივართ, გვეშინია, ან კიდევ ვცდილობთ, გავაკეთოთ იგნორი. ამ დროს რეალურად არსებობს ეს პრობლემები. ასევე ადეკვატურად არის ასახული ჩვენს ცნობიერებაში და, ვფიქრობ, რომ ეს ყმაწვილები დაგვეხმარებიან პრობლემებთან გამკლავებასა და ჩვენი ქვეცნობიერისათვის იმ პასუხების პოვნაში, რომელიც არსებობს და ნამდვილად პასუხი უნდა გავცეთ" - აღნიშნა მწერალმა.
ღონისძიებას ესწრებოდა სერგო რატიანი, რომელმაც განაცხადა, რომ ჩვენ მივდივართ იმ წერტილამდე, საიდანაც ახალგაზრდა მთარგმნელები იწყებენ სვლას, სხვა რაღაცეების აღმოჩენას, ამიტომაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია".