ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ყატარის უნივერსიტეტის პრეზიდენტი პროფესორი შეიხა აბდულა ალ მისნადი ეწვია.
თსუ-სა და ყატარის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულებას თსუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ და ყატარის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, პროფესორმა შეიხა აბდულა ალ მისნადმა მოაწერეს ხელი.
მათ შეხვედრაზე განიხილეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ყატარის უნივერსიტეტს შორის მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები.
თსუ-ს რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, "ყატარის უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმი გაცვლითი პროგრამების ამუშავებასა და ერთობლივი კვლევების ჩატარებას ითვალისწინებს. სტუმართან საუბრისას გამოიკვეთა მეცნიერების სხვადასხვა მიმართულების კუთხით თანამშრომლობის პერსპექტივა. ჩვენი უნივერსიტეტისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო კონტაქტების გაფართოებას, მით უფრო მეზობელ არაბულ სამყაროსთან".
"მოხარული ვარ, რომ დღეს აქ ვიმყოფები, ყველანაირად ვეცდები, ვითანამშრომლო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, რადგან ეს არის ახალგაზრდა თაობისთვის ერთ–ერთი დიდი წარმატება მომავალში, რათა მათ ჰქონდეთ საშუალება, მიიღონ იმაზე მეტი, რაც აქვთ. ვიმედოვნებ, რომ თანამშრომლობა შედგება" - განაცხადა ყატარის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა პროფესორმა შეიხა აბდულა ალ მისნადმა.
ყატარის უნივერსიტეტის რექტორი ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის, კერძოდ, მათემატიკის სწავლებით დაინტერესდა. პროფესორმა შეიხა აბდულა ალ მისნადმა ისაუბრა თსუ-ში არაბისტიკის მიმართულების ხელშეწყობაზე. ყატარის უნივერსიტეტი 2014/2015 აკადემიური წლისთვის სტუდენტებს სთავაზობს სასწავლო სტიპენდიას (დაფინანსდება მხოლოდ 2 სტუდენტი) არაბულ პროგრამაზე სწავლის გასაგრძელებლად.
აღნიშნული ვიზიტი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და განათლების სამინისტროს ინიციატივით განხორციელდა.