ახალგაზრდა სტატისტიკოსთა კვლევითი ჯგუფი - ეს არის ახალი სტუდენტური ორგანიზაცია, რომლის პრეზენტაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა.
ახალი სტუდენტური ორგანიზაციის ჩამოყალიბების იდეა ერთი წლის წინ დაიბადა. ის დაკავშირებულია ამავე უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობასთან, ისინი ერთობლივად განახორციელებენ გეგმებს. როგორც ორგანიზაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა რობიკო რაზმაძემ გვითხრა: "დღეს დაარსდა ახალგაზრდა სტატისტიკოსთა კვლევითი ჯგუფი, რომლის მიზანია პოპულარიზაცია გაუწიოს ამ სფეროთი დაინტერესებულ სტუდენტებს. შევეცდებით, რაც შეიძლება მეტი სტუდენტი ჩავრთოთ ამ სფეროში. ვიმედოვნებ, პრეზენტაციის შემდეგ მათი რიცხვი გაიზრდება. რაც შეეხება ჩვენს სამომავლო გეგმებს, უნივერსიტეტში გამოკითხვის ჩატარებას ვაპირებთ, თემა შეეხება დასაქმებული სტუდენტების რაოდენობას. გავარკვევთ, რამდენი პროცენტია დასაქმებული, როგორ უთავსებენ სწავლასა და მუშაობას, ასევე გავიგებთ რა პრობლემები ექმნებათ, ამ პრობლემებს საჯაროს გავხდით, სტუდენტურ თვითმმართველობასა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან ერთად შევეცდებით ამ პრობლემების მოგვარებას".