,,ციხის საერთაშორისო რეფორმის" ინიციატივით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის სკოლის სტუდენტებისთვის გაიმართა შეხვედრა ,,პატიმართა უფლებები: არსებული ტენდენციები და გამოწვევა".
არასამთავრებო ორგანიზაცია ,,ციხის საერთაშორისო რეფორმა" (PRI) 1989 წელს დაარსდა. ორგანიზაციის მიზანია, ხელი შეუწყოს სისხლის სამართლის პრობლემებზე სამართლიან და ეფექტურ რეაგირებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ორგანიზაცია ხელს უწყობს პატიმრობის ალტერნატივებს, რომელიც ითვალისწინებს დამნაშავეთა რეინტეგრაციას, მათ სამართლიან და ჰუმანურ მოპყრობას.
პროექტის კოორდინატორის ირენა გაბუნიას თქმით, ,,ციხის საერთაშორისო რეფორმა" მუშაობს, ძირითადად, სისხლის სამართლის საკითხებზე პატიმართა უფლებებზე, პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე ანუ სისხლის სამართლის რეფორმის თალსაზრისით: "დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო, ზოგადად, გაგვეცნო იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, თუ ვინ არიან პატიმარი ქალები საქართველოში, როგორია მათი წარსული და რის გამო ჩადიან დანაშაულს. ასევე, რა ფაქტორებს აქვს ზეგაგავლენა მათზე, როგორც პატიმრობის პერიოდის, ასევე მას შემდეგ. შეხვედრის განმავლობაში ვისაუბრეთ დედების მზრუნველობით ფუნქციაზე, თუ რამდენად არის გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსში მათი უფლებები. ჩვენი საუბრის ძირითადი თემა მაინც ქალების პატიმრობასთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხების თავისებურებების გაცნობაა".
შეხვედრის განმავლობაში დამსწრე სტუდენტებს გააცნეს საქართველოში ჩატარებული კვლევის ,,ვინ არიან ქალი პატიმრების" ანგარიში, რომელიც 2013 წელს ჩატარდა. სრული ანგარიში მოიცავს საქართველოსა და სომხეთში ქალი პატიმრების გამოკითხვის შედეგებს.
,,შეხვედრა იყო ინფორმაციული სახის. საკმაოდ საინტერესო და, რაც ყველაზე მთავარია, აქტუალური თემაა ჩვენი ქვეყნისთვის. პრეზენტაციის განმავლობაში საუბარი იყო, თუ რა უნდა გაკეთდეს ამ კუთხით, რომ ის ქალი პატიმრები, რომლებიც დატოვებენ ციხეს, მოახერხონ საკუთარი თავის რეაბილიტაცია საზოგადოებაში. ვფიქრობ, რომ გასაკეთებელი მაინც ბევრია ამ კუთხით ჩვენს ქვეყანაში. იმედია, ხელისუფლება და არასამთავრობო ოგანიზაციები დაეხმარებიან მათ ინტეგრაციაში" - განაცხადა ილიაუნის სტუდენტმა თამარ ბერიანიძემ.