თავისუფალ უნივერსიტეტში ალექსანდრე რონდელმა ლექცია წაიკითხა თემაზე - "ირანსა და კავკასიაში მიმდინარე მოვლენები".
ალექსანდრე რონდელმა ისაუბრა ირანის კულტურულ ღირსშესანიშნაობებზე, ბუნებრივ ღირებულებებზე, განათლების დონეზე, პოლიტიკასა და ამ ქვეყნის მიმდინარე მოვლენებზე.
"ირანს აქვს საოცარი კულტურა, ისტორია, ულამაზესი ქვეყანაა თავისი ბუნებით, მაგრამ მძიმე პირობებია უწყლოობის გამო. რუსეთის შემდეგ მეორე ქვეყანაა გაზის მოპოვების მხრივ. აქ არის ისლამური თეოკრატიული რეჟიმი. უზენაესი მმართველი ლიდერი არის რაჰბარი. დემოკრატია არ არის ახლა ირანში და თუკი დემოკრატიზაციის შემოსვლა დაიწყება, მანამდე შესაძლოა, დესტბილიზაცია მოხდეს. ირანის ღერძი არის ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსი. ეს კორპუსი, ფაქტობრივად, ქვეყნის ხელმძღვანელია. პრეზიდენტი არ არის უზენაესი მმართველი, ქვეყანას რევოლუციური გვარდიელები განაგებენ, მაგრამ მათ შორისაც არის სხვაობა. მათ იციან, რომ თუ რეჟიმი შეირყევა, მათ მოსთხოვენ პასუხს" - განაცხადა ალექსანდრე რონდელმა.
ლექციაზე განიხილეს ასევე ირანის ისტორიული წარსულიც. მისი დღევანდელი ტერიტორიები თითქმის შაჰ-აბასის დროინდელია.
რაც შეეხება ირანისა და აზერბაიჯანის პოლიტიკას, მომხსენებლის თქმით, მათ ეთნიკური ჯგუფების ეშინიათ. "ამ ორი ქვეყნის შეერთება რომ მოხდეს, მივიღებთ უზარმაზარ ქვეყანას, მაგრამ მათ უნდა შეინარჩუნონ არსებული პრიორიტეები და დაიცვან უსაფრთხოების ზომები".
განსაკუთრებით აღსანიშნავია ის სავალალო ფაქტი, რაზეც რონდელმა ისაუბრა: ირანში არჩევნების დროს კანდიდატების შერჩევა ხდება ისლამური საბჭოს მიერ, რომელიც გამოხშირავს არასასურველ კანდიდატს. ექსპერტები ამბობენ, რომ აქ საკუთარი თავის გადარჩენაა მთავარი.
აქვს თუ არა ირანს ატომური იარაღი? - ამაზე ალექსანდრე რონდელმა უპასუხა, რომ მათ რამდენიმე თვე სჭირდებათ ატომური იარაღის შესაქმნელად, შესაძლოა აქვთ კიდევაც. ისრაელი და ამერიკა დარწმუნებულნი არიან, რომ ირანში ატომური იარაღი კეთდება. დღეს ნათელი გახდა, რომ თუ შენ არ გაქვს იარაღი, დაუცველი ხარ.
აღმოსავლეთმცოდნემ საქართველო-ირანს შორის ურთიერთობაზეც ისაუბრა: "ირანი კიდევ უფრო განვითარდება და ჩვენ მოგვიწევს მასთან ურთიერთობის დამყარება. ახლა ირანისთვის რთული პერიოდია სანქციების გამო. ჩვენი მოკავშირე აშშ ხანდახან მეტს მოითხოვს ჩვენგან, რადგან მის გამო ვიზა გავაუქმეთ ირანთან. ირანელები კი ამას არასოდეს გვაპატიებენ, ეს არის მათთვის საშინელი სილის გაწვნა."
"რუსეთს სჭირდება ირანი და ირანს სჭირდება რუსეთი, რადგან ერთად გაუმკლავდნენ ამერიკას, ისინი მიიჩნევენ, რომ აშშ-ს მსოფლიო ბატონობა სურს. მათ არ უნდათ ამიერკავკასიაში დასავლეთი იყოს".
ლექციის დასასრულს ალექსანდრე რონდელმა აღნიშნა, რომ ირანი მართლაც გამორჩეულია და სტუდენტებს ურჩია მოენახულებინათ ეს ქვეყანა.