„ინტელექტის დღე“ საქართველოში
26 აპრილი, 2014
„ინტელექტის დღე“ საქართველოში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს 72 მუნიციპალურ ცენტრში ერთდროულად ჩატარდა ყველაზე მასშტაბური ინტელექტუალური შეჯიბრი - "ინტელექტის დღე".

დედაქალაქში "ინტელექტის დღეს" პირველმა გიმნაზიამ უმასპინძლა, ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების წარმომადგენლები. აღნიშნულ ღონისძიებას უძღვებოდა ცნობილი ტელეწამყვანი, საქართველოს ინტელექტუალური კლუბის "რა? სად? როდის?" პრეზიდენტი გიორგი მოსიძე.
მისი თქმით: "პროექტი ინტელექტ კლუბის პირმშოა. მნიშვნელოვანია იმითაც, რომ იზრდება ცვლა ჩვენი კლუბისათვის. გადის წლები, ძველი ვარსკლავი მოაზროვნეები ბერდებიან და მოდის ახალი თაობა, რომელიც მე ვფიქრობ, რომ ღირსეულად ჩაანაცვლებს ცოტა ხანში ძველ მოაზროვნეებს".

მოსიძემ ისაუბრა ასევე ახალგაზრდების განათლების დონეზე საქართველოში და აღნიშნა, რომ: "სინამდვილეს არ შეესაბამება ის მოსაზრება, რომ ახალგაზრდები არიან უწიგნურები, ეს პროექტი საპირისპიროს გვიჩვენებს. დიდი აჟიოტაჟია სკოლებში, ისინი ატარებენ შესარჩევ ტურებს ნაკრების შესაქმნელად ამ ღონისძიებისათვის, აქედან გამომდინარე, ვისაც არ უნდა წიგნი, იმას ძალით ვერ წააკითხებ, მაგრამ პროცენტულად წიგნიერი ახალგაზრდობა საკმაოდ დიდ ნაწილს შეადგენს ჩვენი მოსწავლეების".
საქართველოს ჩემპიონატი მოსწავლეთა შორის ინტელექტუალურ თამაშში "რა? სად? როდის?", ანუ "ინტელექტის დღე" წელს უკვე მესამედ გაიმართა.
პროექტის ხელმძღვანელი ვახტანგ ლომჯარია აღნიშნავს, რომ: "აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია რამდენიმე მიმართულებით: პირველ რიგში, ზოგადი განათლების სტიმულირებისათვის, ხდება განათლების ხელშეწყობა და წახალისება. მეორე არის ის, რომ პროექტს აქვს ქვეყნისათვის მასშტაბური ხასიათი. ერთდროულად ტარდება 72 მუნიციპალურ წერტილში, საქართველოს ყველა ქალაქში გამოვლინდება ჩემპიონი, რომლებიც ფინალში შეერკინებიან ერთმანეთს ქვეყნის ჩემპიონობის მოსაპოვებლად. ზოგადად, ინტელექტუალურ თამაშებს დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი ის არის, რომ პროექტი ხორციელდება ისეთ ქალაქებში, სადაც აქამდე არასდროს არ ყოფილა მსგავსი ინტელექტუალური თამაშები როგორც მაღალმთიან ქალაქებში, ასევე სხვა შორეულ პერიფერიულ რეგიონებში. ჩემპიონს გადაეცემა გარდამავალი თასი, უამრავი პრიზი და წიგნი. გამომდინარე იქიდან, რომ მოწონება დიდია, სავარაუდოდ, არასდროს დამთავრდება ეს პროექტი" - განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა.
თბილისის მე-20 საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლემ ქეთი ადეიშვილმა, რომელიც ინტელექტუალური თამაშის მონაწილეა, განაცხადა, რომ "ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტია მოსწავლეებისთვის, რადგან დღეს საქართველოში მოსწავლეების ინტელექტის დონე დაბალია. დასმული იყო ლოგიკური კითხვები და ძალიან კარგი გუნდი მყავს".

"მე არ მჯერა იმ გამოკითხვების, რომელიც გვიჩვენებს, რომ გაუნათლებელი ახალგაზრდობა გვყავს. ეს ინტელექტუალური თამაში ამის ნათელი მაგალითია. ჩემმა სკოლამ შარშან მე-4 ადგილი აიღო. ჩემს სკოლაში იზრდებოდნენ გიორგი ბაქრაძე, აგლაძე და ლაშხი" - განაცხადა 23-ე სკოლის პედაგოგმა კახაბერ თოდაძემ.
დღევანდელ ტურნირში მონაწილეობა მიიღო 1500-მდე სკოლამ. მუნიციპალურ რაუნდში გუნდებმა 24 შეკითხვას უპასუხეს, გამარჯვებულებიდან კი 24 მაისს ფინალში სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გამოავლენენ საუკეთესოს. დასკვნით ეტაპზე გუნდები 36 შეკითხვას უპასუხებენ. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან პრიზებითა და დიპლომებით.



გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary