აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მწვანე დარბაზში ევროკავშირის სამწუთიანი ფილმების ფესტივალის პრეზენტაცია გაიმართა.
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში იწყებს სამწუთიანი ფილმების მესამე რაუნდს - მობილური ტელეფონით გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსს თემაზე "გახდი ევროკავშირის რეპორტიორი ერთი დღით". კონკურსი გაიმართება 25 აპრილიდან 2 ივნისამდე და ხორციელდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით. მონაწილეები უნდა იყვნენ 13-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდები. მათ შემოქმედებითი მიდგომით უნდა გააშუქონ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერთი ან რამდენიმე პროექტის საქმიანობა. სამი წევრისაგან შემდგარი ჟიურის (დავით ტურაშვილი, დავით გოგიჩაიშვილი და თამარ გურჩიანი) მიერ გამოვლინდება 6 გამარჯვებული 2 ძირითად ასაკობრივ კატეგორიაში: 13-18 წლამდე და 18-25 წლამდე ახალგაზრდებში, რომელთა ვინაობა 10 ივნისამდე გახდება ცნობილი.
პირველ ადგილზე გასული მიიღებს Apple Iphone 5-ს, მეორეზე - Ipad Mini და მესამე ადგილზე გასული - ციფრულ ფოტო-ვიდეო კამერას. ყველა მონაწილეს კი გადაეცემა სიგელი. როგორც ერთ-ერთმა კოორდინატორმა ირაკლი სულაბერიძემ აღნიშნა, გასულ წელთან შედარებით პროექტში განსხვავებული პირობებია და დაყოფილია ასაკობრივი კატეგორიები. ასევე გაიზარდა საპრიზო ფონდიც. მისი თქმით, უპირატესობა არ ენიჭება ხარისხსა და მაღალტექნოლოგიური საშუალებით შესრულებულ სამუშაოს. კონკურსანტები არ არიან ჟანრში შეზღუდულნი. მთავარია, გამოიკვეთოს პროექტის შინაარსი, სათაური, მიზანი და სავარაუდო შედეგი.
,,ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში იწვევს ახალგაზრდებს, მონაწილეობა მიიღონ პროექტში, რომელიც ყველა მონაწილესთვის ხელმისაწვდომია. თემა ეხება ევროკავშირის მიერ დაფინასებულ პროექტებს საქართველოში, დაწყებული - გარემოს დაცვიდან, დამთავრებული - ოჯახში ძალადობით" - განაცხადა პროექტის კოორდინატორმა ნინო უკლებამ.
,,იქიდან გამომდინარე, რომ ვსწავლობ ჟურნალისტიკაზე და ვაპირებ გავყვე ჩემს პროფესიას, ამ პროექტით, ვფიქრობ, დიდ გამოცდილებასა და ცოდნას მივიღებ. მომიწევს სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან შეხვედრა, წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ჩემი პროფესიული განვითარებისთვის" - აღნიშნა სტუდენტმა ნანა აბესაძემ.