ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის ბიზნესსაბჭოს ორგანიზებით სტუდენტების შეხვედრა გაიმართა კომპანია "აქსისის" გენერალურ დირექტორ გიორგი კაპანაძესთან.
შეხვედრას ესწრებოდა სტუდენტთა ის ნაწილი, რომელიც ბიზნესის კუთხით იღებს განათლებას. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა კომპანიის შესახებ ინფორმაციის მიღება. გიორგი კაპანაძემ ისაუბრა "აქსისის" დაარსების ისტორიაზე, მიზნების, ამოცანებისა და, ზოგადად, კომპანიის შესახებ. განიხილეს გარკვეული სტარატეგიები, თუ როგორი უნდა იყოს წარმატებული ბიზნესკომპანია. როგორც აღმოჩნდა, "აქსისის" 15-წლიანმა გამოცდილებამ საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვა საზოგადოებაში. მისი გენერალური დირექტორის განცხადებით, ძალიან დიდი მოთხოვნაა მათ პროდუქციაზე: "ჩვენი კომპანიის წარმატებულობა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვაწარმოებთ ბაზარზე ყველაზე ნატურალურ და ხარისხიან პროდუქციას. მიხარია, რომ დაინტერესება გამოთქვეს სტუდენტება, ეს, რა თქმა უნდა, სერიოზული გამოწვევაა მათი მხრიდან, რადგან ძალიან საინტერესოა ჩემთვის მათი აზრი, როგორ ხედავენ და აფასებენ რეალურ მდგომარეობას. ყველას მოგეხსენებათ იმ კრიზისული პერიოდის შესახებ, რომელიც ჩვენმა კომპანიამ ახლა წარსულში გამოიარა. მგონია, რომ ამ "ძვირაფასი" გამოცდილების შესახებ სტუდენტებს ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ, მათ მოუწევთ ამ სფეროში მუშაობა და მზად უნდა იყვნენ ყველაფრისათვის".
რაც შეეხება ორგანიზატორის გიორგი ცინარაძის განცხადებას: "ზოგადად, შეხვედრის იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ მომავალი ბიზნესმენებისათვის მოგვეწყო შეხვედრა წარმატებულ ბიზნესწარმომადგენლებთან, რომლებიც გაუზიარებდნენ მათ თავიანთ გამოცდილებას, გარკვეულ სტრატეგიებს. ვფიქრობ, რომ შეხვედრის მიზანი ნამდვილად მიღწეულია, რადგან, როგორც ხედავთ, სტუდენტებში ბევრი კითხვა გაჩნდა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამავე ტიპის შეხვედრას ვგეგმავთ 17 მაისს ვანო ჩხაიძესთან, რომელიც ისაუბრებს საფონდო ბირჟის ფუნქციონირების შესახებ".
ანა ხეცაძემ, რომელიც ბიზნესის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტია, აღნიშნა: "ჩემი აზრით, ნამდვილად საინტერესო და პროდუქტიული შეხვედრა გამოვიდა, ვფიქრობ, საჭირო ინფორმაცია მოგვაწოდეს, რაც დაგვეხმარება პროფესიულ განვითარებაში".