კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში თბილისის მერობის კანდიდატი დიმიტრი ლორთქიფანიძე კოალიცია "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციიდან" სტუდენტებს შეხვდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ნინო ბურჯანაძე და ჯონდი ბაღათურია. დიმიტრი ლორთქიფანიძემ თავის საარჩევნო პროგრამის შესახებ ისაუბრა, ასევე იმ გეგმებზე, რომლის განხორციელებასაც მერობის კანდიდატად არჩევის შემთხვევაში აპირებს. საჯარო შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა ნინო ბურჯანაძეც. მან ხაზი გაუსვა იმ პრობლემებს, რომლებიც ისევ არსებობს და აქტუალურია საქართველოში: ,,მინდა, მოვუწოდო ყველა ადამიანს, რომ მოვიდეს არჩევნებზე. ჩემი თხოვნა იქნება, გადაწყვეტილება მივიღოთ არა ვინმეს ხათრით, არამედ იმის მიხედვით, თუ რას გვიკარნახებს ჩვენი გონება. ერთხელ და სამუდამოდ დაანახეთ ხელისუფლებას, რომ თქვენით მანიპულირება არ არის ადვილი".
ჯონდი ბაღათურიამ თავის გუნდელებთან ერთად ყურადღება გაამახვილა ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებაზე და აღნიშნა, რომ აუცილებელი არ არის ამ კანონის მიღება, რადგან აღნიშნული კანონპროექტის დამტკიცების შედეგად შესაძლოა, გაიზარდოს სექსუალურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის რიცხვი.
ბოლოს ნინო ბურჯანაძემ განაცხადა: ,,ჩვენს გუნდს ტყუილი არასდროს უთქვამს, არავის უბრძოლია ისე, როგორც ვიბრძოდით ჩვენ. პირველად 20 წლის განმავლობაში გვეძლევა შანსი, გავაძლიეროთ თვითმმართველობა".
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა თამარა კიკნაძემ აღნიშნა, რომ ,,დიმიტრი ლორთქიფანიძე არის ცნობილი პატრიოტი ადამიანი, აქვს საკმაოდ კარგი ხედვა. აქედან გამომდინარე, მის მიმართ დადებითად ვარ განწყობილი, რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ბატონმა დიმიტრიმ ამომწურავად და სიღრმისეულად ისაუბრა".
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მეოთხე კურსის სტუდენტმა ელენე ნახუცრიშვილმა აღნიშნა, რომ ,,ძალიან კმაყოფილია დღევანდელი შეხვედრით, რაც მთავარია, ბატონმა დიმიტრიმ ისაუბრა იმ პრობლემების გადაჭრაზე, რომელიც დღეს ნამდვილად აქტუალურია".
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.