თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტისა და თსუ-ს კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით მურმან ჯინორიას მონოსპექტაკლი: "ქარი მწყურია მე პირდაპირი" გაიმართა.
მურმან ჯინორიამ საღამოს დაწყების წინ აღნიშნა: "პოეზიას უყვარს სიჩუმე, განმარტოება და ფიქრი. მე შევეცდები, რომ თითოეული თქვენგანი ფიქრის ხასიათზე დაგაყენოთ. შარშანაც მქონდა უნივერსიტეტში მსგავსი სპექტაკლი და მაშინაც სავსე იყო დარბაზი ახალგაზრდებით. რამდენი რეგალიაც უნდა ჰქონდეს ადამიანს, ახალგაზრდების სიყვარულს არაფერი სჯობია".
სპექტაკლი ტერენტი გრანელის ლექსით დაიწყო, შემდეგ გურამ რჩეულიშვილის, ტიციან ტაბიძის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, შოთა ნიშნიანიძის ლექსები წარმოადგინა და ბოლოს გალაკტიონ ტაბიძის ლექსით დაასრულა.
მურმან ჯინორიას თქმით, ლექსებს შერჩევა უნდა: "თუ გაიგებ იმას, თუ რატომ უნდა წაიკითხო ლექსი, მაშინ ხარ იმ ლექსის წაკითხვის ღირსი. თუ დაკვირვებიხართ გურამ რჩეულიშვილი თავის პოეზიაში პროზასაც ახერხებს, მისი ლექსების კითხვის დროს მოკლე დროში სხვა რამის გაგებასაც ახერხებს ადამიანი".
მსახიობმა საღამოს დასასრულს მაყურებელს სიტყვით მიმართა: "სულ ხუთი მონოსპექტაკლი მაქვს ჩატარებული, მსგავსი სპექტაკლი რუსთაველის პატარა სცენაზე დავდგი. 90% ახალგაზრდები მოვიდნენ, რაც ძალიან მახარებს. ვცდილობ, ლექსების წაკითხვას განსხვავებული ფორმა მივცე. კითხვის დროს მთავარია ემოცია და წარმოსახვა, რომელიც თითოეულმა თქვენგანმა განსხვავებულად უნდა განიცადოთ".