ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში "ახალგაზრდა ლიდერთა გაერთიანებამ" საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
ახალგაზრდა ლიდერებმა ისაუბრეს 2014 წლის 20-დან 25 ივლისამდე პრაღაში დაგეგმილ საერთაშორისო ახალგაზრდულ კონფერენციაზე, რომელზეც განიხილავენ შემდეგ საკითხებს: საერთაშორისო ურთიერთობებს, სამართალსა და მსოფლიო პოლიტიკას.
ორგანიზაციის დამფუძნებლისა და ვიცე-პრეზიდენტის ლიკა გეგეჭკორის თქმით: "საქართველოს ახალგაზრდა ლიდერთა გაერთიანება" არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა სოციალურად პასუხისმგებელი ლიდერების, ჩემი და მარიკა ბოჭორიშვილის მიერ. ჩვენ ვმონაწილეობდით 2014 წლის თებერვალში ამერიკაში, THE RESOLUTION PROJECT, INC.-ის მიერ ორგანიზებულ კონკურსზე, სადაც ჩვენი პროექტი "THE EQUALITY IN PRIMARY EDUCATION" გახდა ამ საგრანტო კონკურსის ერთადერთი გამარჯვებული. ორგანიზაციის მთავარი მიზანია ქვეყნის ცნობადობის გაზრდა საერთაშორისო დონეზე. ამ ეტაპზე აქტიურად ვმუშაობთ სხვადასხვა პროექტზე".
"საქართველოს ახალგაზრდა ლიდერთა გაერთიანება" ორგანიზებას უწევს საქართველოდან დელეგატების შერჩევას პრაღის საერთაშორისო ახალგაზრდული კონფერენციისთვის, რომელიც ოცდამერვერჯერ იმართება პრაღაში. კონფერენციას მასპინძლობს ჩეხეთის დიპლომატიური კორპუსი.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და სტუდენტებისთვის ნათელი გახდა ის კრიტერიუმები და შერჩევის წესები, რომლითაც იხელმძღვანელებენ ახალგაზრდა ლიდერები დელეგატების შერჩევისას.
ილიაუნის სტუდენტის ნინო ბოჭორიშვილის თქმით: "გავეცანი ორგანიზაციის სამომავლო გეგმებს, მიზნებს. ვფიქრობ, საკმაოდ კარგი პროექტებია და რეალურად დადებითი შედეგის მომტანი. წარმატებას ვუსურვებ ორგანიზაციას და აუცილებლად მივიღებ პროექტში მონაწილეობას".
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-დან 26 წლამდე სტუდენტებს (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა), რომლებსაც მაღალი აკადემიური მოსწრება აქვთ და საკომუნიკაციო დონეზე ფლობენ ინგლისურ ენას.