ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გოგა ხაინდრავა სადისკუსიო კლუბს ეწვია.
საუბრის თემა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა და ქართული სოფლის მდგომარეობა იყო. შეხვედრის ფარგლებში "სოფლის სოციოლოგთა კლუბმა" დამსწრე საზოგადოებას გააცნო ექსპედიციის შედეგები. მომხსენებელმა ისაუბრა აღნიშნულ თემასა და საკუთარ გამოცდილებაზე. მან აღნიშნა, რომ სტუდენტობა ქვეყნის მომავალია და ის თავის ვალდებულებად მიიჩნევს, სტუდენტებს გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება. "მოხარული ვარ, რომ ეს თაობა დაინტერესებულია სასოფლო-სამეურნეო საკითხებით" - განაცხადა გოგა ხაინდრავამ. მისი თქმით, საქართველო მიწათმოქმედების ქვეყანაა და შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენს ქვეყანას "გეორგიას" უწოდებენ. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მიწების აუთვისებლობასა და გლეხების უსახსრობაზე, ასევე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სიძველესა და სიმცირეზე.
საზოგადოებრივი გეოგრაფიის მესამე კურსის სტუდენტმა და "სოფლის სოციოლოგთა კლუბის" წევრმა მარიამ შარიამ ისაუბრა სოფლებში გზების გაუვალობასა და სოფლის მოსახლეობის სიმცირეზე. მისი თქმით, მაღალმთიანი რაიონების ძირითად მოსახლეობას მოხუცები წარმოადგენენ და ახალგაზრდები ამ ადგილებს მხოლოდ დასასვენებლად სტუმრობენ.
შეხვედრის ბოლო ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები.