ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით ორდღიანი ტრენინგი გაიმართა ნარკოტიკული დანაშაულის კვალიფიკაციის პრობლემებზე.
მომხსენებლები იყვნენ: დ. ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის წევრები და თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები: ანუკი ფერაძე და ზურა გოგშელიძე.
აღნიშნული ტრენინგი გულისხმობდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე, 264–ე და 273–ე მუხლებთან დაკავშირებული თეორიული და პრაქტიკული საკითხების განხილვას.
ანუკი ფერაძემ ისაუბრა, ზოგადად, ნარკოტიკული დანაშაულის ცნების, დამოკიდებულებისა და ნარკომანიის, როგორც ავადმყოფობისა თუ დამნაშავის განსაზღვრებაზე.
გარდა ამისა, ტრენინგი ითვალისწინებდა თანამედროვე ნარკოტიკული საშუალებების სახეებისა და კოდექსში შეტანილი ცვლილებების განხილვას, რაზეც ვრცლად ისაუბრა ზურა გოგშელიძემ. მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ნარკოსაშუალებებზე (ბიო ნარკოტიკი და დეზომორფინი), რომლის გამოწერაც მსურველებს ინტერნეტის საშუალებითაც შეუძლიათ და რისი მოხმარებაც ჯანმრთელობის მნიშვნელოვნად გაუარესებას იწვევს.
"ბიო ნარკოტიკი, იგივე კანაფი 2002 წლიდან იღებს სათავეს. ის შეიქმნა ამერიკაში სპეციალურად, რათა სცოდნოდათ, რა ზეგავლენის მოხდენა შეეძლო ადამიანის ფსიქიკაზე. საბოლოო ჯამში, რეალური შედეგი ვერ დადეს და დაანებეს თავი, სწორედ ამის შემდეგ აღმოჩნდა ეს ძალზე პოპულარული ახალგაზრდებში" – განაცხადა ზურა გოგშელიძემ.
ტრენინგის ბოლოს გაიმართა ვიდეოს ჩვენება, რომლის მიზანი იყო, ახალგაზრდებს გაეგოთ, თუ რა შედეგი მოჰყვება ნარკოტიკებზე დამოკიდებულებას.