ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგ თინათინ აფხაიძის ლექცია ჩატარდა.
ლექციის ,,არტთერაპიისა და სიმბოლდრამის მიმოხილვა" ორგანიზატორი თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტი იყო.
არტთერაპია ხელოვნებით მკურნალობას ნიშნავს. ფსიქოლოგ თინათინ აფხაიძის თქმით, მეთოდის სხვადასხვა სახე არსებობს. ესენია თერაპია: მუსიკით, ხატვით, ცეკვით, ზღაპრით, ლიტერატურით და ა.შ. თერაპიის დროს ,,თავისუფლდება გრძნობები, ადამიანი განიმუხტება და სიტუაციას აფასებს გვერდიდან. ამის შემდეგ ხდება მისი გაანალიზება" - აღნიშნა ფსიქოლოგმა.
სიმბოლდრამა არის ტრანსის მდგომარეობა ღვიძილის დროს. ამგვარად ადამიანი არ კარგავს კონტროლს საკუთარ თავზე. ერთსაათიანი ლექციის ბოლოს თინათინ აფხაიძემ ორ მოხალისეს სიმბოლდრამა ჩაუტარა. მან სთხოვა სტუდენტებს, დაეხუჭათ თვალები, შემდეგ კი წარმოედგინათ და აღეწერათ სხვადასხვა სიტუაცია. ტესტები დაახლოებით ათ წუთს გაგრძელდა. ერთ-ერთმა მოხალისემ თორნიკე ვანიშვილმა სიმბოლდრამის დასრულების შემდეგ გვითხრა: ,,მოვდუნდი. საერთოდ დამავიწყდა, რომ ლექციაზე ვიყავი, ვისვენებდი და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს რამდენიმე ხანს მეძინა და შემდეგ გამოვფხიზლდი".
ლექციაზე მისულმა სტუდენტმა თეკლა რატიანმა გვითხრა: ,,აქამდე არ ვიცოდი ამ მეთოდის შესახებ. საინტერესო და კარგი იყო, რომ ლექციაზევე ჩატარდა სიმბოლდრამა. კარგი იქნება, თუ კიდევ ჩატარდება მსგავსი ლექციები და უფრო დიდხანს გაგარძელდება".