კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საჯარო შეხვედრა გაიმართა ჟურნალისტ ზვიად ქორიძესთან.
შეხვედრის ძირითადი თემა იყო - "საზოგადოებრივი მაუწყებელი საქართველოში მითი თუ რეალობა?!"
შეხვედრის განმავლობაში ჟურნალისტმა პასუხი გასცა იმ კითხვებს, რაც საინტერესო და აქტუალურია დღეს საზოგადოებისათვის. რატომ გვჭირდება საზოგადოებრივი მაუწყებელი? რატომაა ის მნიშვნელოვანი სახელმწიფოში, სადაც საზოგადოებას აქვს სურვილი, რომ განვითარდეს დემოკრატიული თანამედროვე სახელმწიფო და რატომ არ გამოგვდის ის ჩვენ?
ჟურნალისტ ზვიად ქორიძის თქმით: "მთელი პრობლემა ამ მაუწყებლობის არსებობისა არის ის, რომ სახელმწიფო უნდა იყოს დაფუძნებული კონტროლის მექანიზმებზე, თუ არ არის დაბალანსებული ურთიერთობა ყველა იმ ინტიტუციას შორის, რომელიც სახელმწიფოში არსებობს, მაშინ უბრალოდ არ მუშაობს ეს სახელმწიფო. ან უკეთეს შემთხვევაში, როგორც სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი მუშაობს, მაგრამ თანამედროვე სახელმწიფო არ გამოდის.
ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ჩართულნი იმ პროცესებში, რაც სახელმწიფოში მიმდინარეობს.
ზვიად ქორიძემ მაგალითისთვის ასევე ისაუბრა "BBC"-ის განვითარების ეტაპებზეც.
"მედია არის კონტროლის მექანიზმი. ბრიტანელი მოსახლეობა ამას მიხვდა და მათ შექმნეს "BBC". ეს არის თავისუფალი სიტყვა, მოქალაქეების მონაწილეობა სხვადასხვა საზოგადოებრივ პროცესში. "BBC" რთული მუშაობით შეიქმნა და შეიქმნა იქ, სადაც არ იყო არანაირი ელექტრო მედიასაშუალება. ბრიტანელებმა თქვეს, რომ: "ჩვენ არ გვინდა არავისზე დამოკიდებული მედია". მათ ძალიან მარტივი ფორმულა აქვთ. მას აქვს დამოუკიდებელი დაფინანსება და დამოუკიდებელი მმართველობითი რგოლი, ოღონდ ეს მაკონტროლებელი რგოლი იქმნება სხვადასხვა ინსტიტუციის მონაწილეობით. ეს იყო პირველი მცდელობა, როგორ გავაკეთებდით საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელსაც არ ექნებოდა ერთადერთი ინტერესი, რომ ეთქვა ის, რაც სურს მთავრობას".
ზვიად ქორიძეს თქმით, თუ გადავავლებთ თვალს მე-20 საუკუნის ისტორიას, სამი საკმაოდ სერიოზული და გავლენიანი ბრიტანელი პოლიტიკოსი იყო ევროპაში და სამივემ თავისი პოლიტიკური კარიერა დაასრულა იმის გამო, რომ მათ ჰქონდათ პრობლემა "BBC"-სთან. პირველი ეს იყო უისტონ ჩერჩილი, რომელსაც არ დასცალდა ტელევიზიასთან ურთიერთობა და რადიო "BBC"-სთან ჰქონდა პრობლემები. ეს იყო წარმატებული და ძლიერი პრემიერი, რომლის დროსაც ბრიტანეთი გამარჯვებული გამოვიდა მეორე მსოფლიო ომიდან. სწორედ ამ დროს მოუვიდა კონფლიქტი ჩერჩილს არსებულ რადიოსთან, რითაც მან არჩევნები წააგო. "რკინის ლედიც" ზუსტად იმავე პრობლემას გადააწყდა "BBC"-სთან, მარგარეტ ტეტჩერმა 2-წლიანი დაპირისპირების შემდეგ უარი განაცხადა პრემიერმინისტრობაზე. მესამე პრემიერმინისტრი იყო ტონი ბლერი, რომელმაც გადაწყვიტა, არ ეპატიებინა "BBC"-სთვის ის, რომ ერაყში ომის დაწყებიდან ერთი თვის თავზე ეს მაუწყებლობა, რომელიც საუკეთესო რეპორტაჟებს ამზადებდა, დაეწყო გამოძიება იმის თაობაზე, ნამდვილად ჰქონდა თუ არა ჰუსეინს იარაღი?
"საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა თქვას ის, რაც უნდა საზოგადოებას და რაც სჭირდება საზოგადოებას. თუ ადამიანებს სჭირდებათ ის, რაც არ სჭირდება მთავრობას, მაშინ უპირატესობა უნდა იყოს საზოგადოების მხარეზე. ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებლის კონცეფცია და ამას გვეუბნება "BBC"-ც. ხალხი უნდა იყოს ჩართული საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქციონირებაში. თითოეულ ჩვენგანს აქვს უფლება, მოითხოვოს ობიექტური მაუწყებელი. ის ჩვენგან ფინანსდება. საზოგადოებრივი მაუწყებელი ესაა ღირებულებათა სისტემა, ჩვენ როგორ ვქმნით ღირებულებებს?!" - განაცხადა ჟურნალისტმა ზვიად ქორიძემ სტუდენტებთან საუბრისას.