თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში "ნარინჯისფერი კლუბი" და უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრის წარმომადგენელი მაია ჩიღვილაძე სტუდენტებს შეხვდნენ.
მათ არსებული სააპელაციო სისტემის ხარვეზებზე ისაუბრეს. განიხილეს აპელაციის პროცედურის ელექტრონულ რეჟიმში გადატანა.
"არსებობდა მთელი რიგი პრობლემები, რომლებიც სტუდენტებს უშლის ხელს, კომფორტულად მოხერხდეს აპელაციის პროცესის ჩატარება. ამიტომ ჯგუფის წევრებმა შევიმუშავეთ მთელი რიგი პრინციპები, რეკომენდაციები, რჩევები და კონკრეტული ეტაპები იმისათვის, რომ სააპელაციო პროცესი ყოფილიყო გამარტივებული სტუდენტებისთვის" - განაცხადა "ნარინჯისფერი კლუბის" სააპელაციო ჯგუფის წევრმა მამუკა საფარიძემ.
პრეზენტაცია დიალოგის რეჟიმში მიმდინარეობდა და სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მიეღოთ ის ინფორმაცია, რომელიც მათ აინტერესებდათ. კითხვებს თსუ-ს საგამოცდო ცენტრის წარმომადგენელი პასუხობდა.
"საგამოცდო ცენტრის თანამშრომლებს გავუზიარეთ ჩვენი ხედვა სააპელაციო პროცესთან დაკავშირებით. მივაღწიეთ შეთანხმებას იმის შესახებ, რომ სტუდენტებს აპელაციაზე მისვლისას ექნებათ საშუალება, დაურთონ არგუმენტაცია საკუთარ ნაშრომებს და ამავდროულად ლექტორებსაც შეეძლებათ, აპელაციის დაბრუნებისას განმარტონ, რატომ ემატება ან არ ემატება ქულა სტუდენტს. ეს არის წარმატებული შეთანხმება საგამოცდო ცენტრთან ამ პროცესის გამარტივებისათვის და უფრო მეტად დახვეწისთვის. ისინი დაგვპირდნენ, რომ ჩვენთან ითანამშრომლებენ და საბოლოო ეტაპი ელექტრონულ სისტემაზე გადასვლა იქნება" - აღნიშნა მამუკა საფარიძემ.