შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აბიტურიენტებს შეხვდნენ
14 მაისი, 2014
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აბიტურიენტებს შეხვდნენ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ღია კარის დღე გაიმართა.

სკოლის გამოსაშვები გამოცდებითა და ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაინტერესებული პირების კითხვებს გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა უპასუხეს. 

ღია კარის დღეზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის თქმით, ,,წლევანდელ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დაგეგმილია რიგი ცვლილებები და ძალიან მნიშვნელოვანია აბიტურიენტების ინფორმირება. ღია კარის დღეზე აბიტურიენტებს შეეძლოთ, მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია საგამოცდო საგნების შესახებ. ისინი შეხვდნენ კონკრეტულ საგამოცდო საგნებზე პასუხისმგებელ პირებს".

აბიტურიენტებმა კითხვები ზოგადი უნარებისა და ინგლისურის საგნობრივი ჯგუფების ხელმძღვანელებს დაუსვეს. წლევანდელ ერთიან ეროვნულ გამოცდებში გათვალისწინებულია ცვლილებები. ზოგადი უნარების ტესტის ვერბალური ნაწილის ზოგიერთ დავალებას დაემატა მეხუთე "ე" სავარაუდო პასუხი. კერძოდ, მეხუთე სავარაუდო პასუხი ანალოგიებისა და ლოგიკის დავალებებს დაემატება. ზოგადი უნარების საგნობრივი ჯგუფის ხელმძღვანელმა სოფო დოლიძემ განმარტა, რომ ცვლილება ტესტებს არ გაართულებს, ,,ხუთპასუხიანი ამოცანების ნიმუშები კი საცდელ ტესტირებაზე დაიდება გამოცდების ეროვნული ცენტრის საიტზე". 

ცვლილებებია გათვალისწინებული უცხოური ენის ტესტშიც. კერძოდ, ტესტს დაემატა რვაქულიანი მოსასმენი დავალება და წერის ახალი სავარჯიშო. უცხოური ენის საგნობრივი ჯგუფის ხელმძღვანელის რუსუდან ტყემალაძის თქმით ,,აბიტურიენტებმა ათი წუთის განმავლობაში უნდა მოისმინონ რვა ერთმანეთისაგან განსხვავებული ტექსტი ან დიალოგი, შემდეგ კი უპასუხონ მის მიხედვით დასმულ კითხვას". მოსასმენი დავალება A2 ენობრივი დონის შესაბამისია. რაც შეეხება წერით დავალებას, აქ აბიტურიენტმა მოცემული ტექსტიდან გამომდინარე წერილობით უნდა დაუსვას კითხვა მის ავტორს.
ღია კარის დღეზე მისული აბიტურიენტის გიორგი თავაძის თქმით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა აბიტურიენტების შეკითხვებს ამომწურავად გასცეს პასუხი: ,,სიახლეების შესახებ დაგროვილი მქონდა შეკითხვები და ამ კითხვებზე მივიღე ამომწურავი პასუხები".

ღია კარის დღეს აბიტურიენტების მშობლები ესწრებოდნენ. მათგან ერთ-ერთია ლიკა თუშიშვილი. ,,ვისაც კითხვის დასმის სურვილი ჰქონდა, ყველამ ინდივიდუალურად მიიღო პასუხი. ვფიქრობ, ტესტი ძალიან არ გართულებულა. მოსასმენი A2 დონეს შეესაბამება და ეს განსაკუთრებულ სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს" - გვითხრა ლიკა თუშიშვილმა.

შეგახსენებთ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტებისათვის რამდენიმე ღია კარის დღე ჩაატარა თბილისსა და რეგიონებში.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary