სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის გახსნითი პლენარული სხდომა გაიმართა.
პლენარული სხდომა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის დაარსების 25-ე წლისთავს მიეძღვნა, რომელიც საქართველოს ჰიმნის შესრულებით გაიხსნა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავჯდომარემ ვახტანგ კობაიამ საჩუქრად წიგნები გადასცა უნივერსიტეტს. "მე მახსენდება 1989 წელი, მახსენდება ის დაღვრილი სისხლი, ტრაგიკული დღეები, პირველი სკოლა, სადაც განთავსდა სოხუმის უნივერსიტეტი. გმირობაა ის, რასაც თქვენ აკეთებთ".
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის დიმა ჯაიანის თქმით: "მძიმე არის ეს დღე ჩემთვის სიხარულთან ერთად. უნდა ვეცადოთ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ურთიერთობა აღდგეს აფხაზებთან. ჩვენ უფრო დიდი ერი ვართ, ვიდრე აფხაზები. მათ ბევრი რამ უნდა ვაპატიოთ და ბევრ რამეზე ბოდიშიც გვაქვს მოსახდელი".
განათლების სამინისტროს სახელით წარდგა მინდია ოკუჯავაც: "მაქვს პატივი თქვენთან ერთად გავიზიარო ეს დღე. მე ვარ ამ დაწესებულების კურსდამთავრებული, მე ვალში ვარ მათ წინაშე. ეს არის დაწესებულება, რომელიც სახელმწიფო მიმართულებით ბევრ ღონისძიებას ახორციელებს. იმედს გამოვთქვამ, რომ ისეთივე ამაღლებული განწყობით, როგორც დღეს ვართ აქ შეკრებილნი, შევძლებთ ჩვენს მიწა-წყალზე ნათესავებთან, მეგობრებთან ერთად დაბრუნებას".
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯონი აფაქიძემ გაიხსენა 1997-1998-იანი წლები, როდესაც ანა პოლიტკოვსკაიას სახელობის ქუჩაზე მოხდა უნივერსიტეტის გადმოსვლა. მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო მისი რექტორად ყოფნის დროს დანერგილი სისტემა: "ვცდილობდით, რაც შეგვეძლო გაგვეკეთებინა. ჩვენი მიზანი იყო უცხოეთთან კონტაქტის დამყარება, რათა სტუდენტებს საშუალება ჰქონოდათ, უცხოეთში სასწავლებლად წასულიყვნენ. აფხაზეთის საბჭო და ჩვენ ერთნი ვართ და ერთად უნდა წავიდეთ წინ. ჩვენი საბოლოო მიზანია აფხაზეთთან დაკავშირება. ნოსტალგია დიდია, დროს თავისი მიაქვს".
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს მინიჭებული აქვს "წმინდა გიორგის ოქროს ორდენი", რომელიც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მიანიჭა.
სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების სპეციალობის მეოთხე კურსის სტუდენტმა ნიკა ფარცვანიამ მიმოიხილა აფხაზეთისა და საქართველოს დამოკიდებულება: "აფხაზეთის პრობლემა წარმოშვა საქართველოს პრობლემამ, ქართველი ხალხის დამოუკიდებლობის სურვილმა".