ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ამერიკისმცოდნეობის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციის გახსნას უმასპინძლა.
ღონისძებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ვლადიმერ პაპავა, აშშ-ს ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და ელჩის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკი ესწრებოდნენ.
კონფერენცია წელს მეთხუთმეტედ ტარდება და მისი თემაა ,,შეერთებული შატატების პოლიტიკა აღმოსავლეთ ევროპაში". თსუ-ს რექტორმა ვლადიმერ პაპავამ მონაწილეებსა და სტუმრებს კონფერენციის გახსნა მიულოცა და აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა. ,,აშშ ყველაზე ძლიერი მოკავშირეა ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც სუვერენიტეტს, სახელმწიფოს დამოუკიდებლობასა და საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას უზრუნველყოფს. შეუძლებელია იყო სტრატეგიული პარტნიორი, თუ არ იცი ქვეყნის ფასეულობები. შესაბამისად, ჩვენი უნივერსიტეტისთვის პრიორიტეტულია ახალგაზრდების დაინტერესება ამერიკისმცოდნეობით" - განაცხადა ვლადიმერ პაპავამ.
,,ჩვენ ვხედავთ ამერიკის მეგობრების ამ დიდ შეკრებას. გვსიამოვნებს და ვაფასებთ თქვენს ინტერესს აშშ-სადმი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ როგორ ხედავენ საქართველოში ამერიკის შეერთებულ შტატებს. მით უფრო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანების მხარდამჭერია" - აღნიშნა აშშ-ს ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა სიტყვით გამოსვლისას. მან მადლობა გადაუხადა თსუ-ს რექტორსა და ორგანიზატორებს კონფერენციის დაგეგმვისათვის.
აშშ-ს ელჩის მოადგილემ ბრიჯიტ ბრინკმა წაიკითხა მოხსენება ,,ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა საქართველოს მიმართ". მან ისაუბრა ამერიკისა და საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის სფეროებსა და აშშ-ს პრიორიტეტებსა და ფასეულობებზე საქართველოსთან ურთერთობაში.
ამერიკისმცოდნეობის მეთხუთმეტე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილოებას მიიღებენ უცხოელი და ქართველი გამომსვლელები. მათგან ერთ-ერთმა, თსუ-ს სტუდენტმა ნინო ცერცვაძემ "თავისუფალ ასოციაციასთან" საუბარში აღნიშნა: ,,ჩემი სექცია პოლიტიკაა და მოხსენება მოვამზადე ლობისტებზე. კონფერენციაში მონაწილეობა დამეხმარა უკეთ გავრკვეულიყავი თემაში და კარგად ჩამომეყალიბებინა საკითხი".
ამერიკისმცოდნეობის საერთშორისო კონფერენცია სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. გამოყოფილია 15 სექცია და მონაწილეების რაოდენობა 160-ს აჭარბებს. კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები, ძირითადად, ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე, ლათინური ამერიკისა და კანადის ისტორიის, პოლიტიკის, ეკონომიკის, სამართლის, მეცნიერების, კულტურის, განათლების, რელიგიის, ქართულ-ამერიკული ურთიერთობის, ამერიკაში ქართული იმიგრაციისა და სხვ. საკითხებს შეეხება. კონფერენციის მიზანია ამერიკისმცოდნეობის პროფესიულ დონეზე შესწავლის შედეგების წარმოჩენა და მიღებული ცოდნის გავრცელება საქართველოს საზოგადოების აკადემიურ და ფართო წრეებში, ასევე ქართველ ამერკისმცოდნეთა მუშაობის კოორდინირება და მათი კონტაქტების გაღრმავება ამერიკელ და ევროპელ კოლეგებთან.