არასამთავრებო ორგანიზაციამ "ახალგაზრდა დიპლომატთა ლიგამ" და საქართველოს უნივერსიტეტმა ახალგაზრდულ ენათმეცნიერთა კონფერენცია გამართეს, რომლის თემა იყო ენა და "სამყაროს ხატი".
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა. მონაწილეებმა წარადგინეს მათთვის საინტერესო თემები, რომლებიც ენათმეცნიერების ჭრილში იყო განხილული. შეხვედრის დასასრულს ყველა მონაწილე სერტიფიკატითა და წიგნით დაჯილდოვდა, ასევე გამოვლინდა ოთხი გამარჯვებული. პირველი ადგილი ორმა მონაწილემ დაიკავა: მარიამ კიკნაველიძემ და ლიკა გოდერძიშვილმა. მეორე ადგილზე გავიდა ნათია ბოტკოველი, ხოლო მესამე ადგილი დაიკავა ანანო ყალიჩავამ.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი გალაკტიონ ესაკია დამსწრე საზოგადოებას ესაუბრა თემაზე - "ქართული პოეზია ქართული ენის კვალდაკვალ". მან ისაუბრა ვეფხისტყაოსანზეც. მისი თქმით, ამ ნაწარმოებში შეინიშნება, როგორც დასავლური, ისე აღმოსავლური სიტყვები.
ლიკა გოდერძიშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას ენის წარმოშობის საკითხი გააცნო. მომხსენებლის თქმით, ადამიანისთვის ენის წარმოშობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ენა არის ის ძალა, რომლის მეშვეობითაც ხალხი ქმნის კულტურას. მან თქვა, რომ კმაყოფილია დღევანდელი კონფერენციით და მოხარული იქნება, თუ ხშირად ჩატარდება მსგავსი ღონისძიებები.
ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა ნათია ასათიანმა აღნიშნა, რომ სტუდენტების კვლევები და დაინტერესება დადებითადაა შესაფასებელი და თითოეული მათგანის აზრი გასათვალისწინებელია.
ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორის რევაზ ტაბატაძის თქმით, სასიხარულოა, რომ ამ თემამ სტუდენტების დაინტერესება გამოიწვია. მან ასევე აღნიშნა, რომ სექტემბრიდან იგეგმება მსგავსი ღონისძიებების სისტემატიური ჩატარება.