ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეხუთე მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები ტარდება.
საარჩევნო უბნები თსუ-ს სხვადასხვა კორპუსში ათ საათზე გაიხსნა.
არჩევნებში მონაწილე კანდიდატები და ამომრჩევლები ამბობენ, რომ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა მშვიდად და ორგანიზებულად მიმდინარეობს. ,,საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა ყველა წესის დაცვით მიმდინარეობს. მშვიდად შევედი, არანაირი პრობლემა არ შემქმნია და ყველა წესის დაცვით მივეცი ხმა" - ამბობს პირველი კურსის სტუდენტი თორნიკე ფხაკაძე "თავისუფალ ასოციაციასთან" საუბრისას.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, წელს უნივერსიტეტის შვიდ ფაკულტეტზე 141 კანდიდატი იყრის კენჭს. მათი უმრავლესობა დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით მონაწილეობს არჩევნებში. მხოლოდ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მონაწილეობენ ,,ააიპ თსუ გაერთიანების" კანდიდატები. უნდა აღინიშნოს, რომ წლევანდელ არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს "ერთიანი სტუდენტური მოძრაობა", თუმცა, ახლანდელი სტუდენტური თვითმმართველობის წევრები დამოუკიდებელი კანდიდატების სტატუსით მონაწილეობენ არჩევნებში.
დამოუკიდებელი ოპოზიციური კანდიდატის სტატუსით იყრის კენჭს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველ კურსზე ერეკლე გოგოლაძე. მისი თქმით, ორი წლის წინ ჩატარებულ არჩევნებთან შედარებით, წლევანდელ არჩევნებზე ოპოზიციურად განწყობილი კანდიდატები არ ჩანან და ,,დამოუკიდებელი კანდიდატები "ერთიანი სტუდენტური მოძრაობის" სახელით იყრიან კენჭს". რაც შეეხება არჩევნების მიმდინარეობას, ერეკლე გოგოლაძის თქმით ,,განსაკუთრებული ექსცესები უბანზე არ მომხდარა თუ არ ჩავთვლით იმას, რომ უბანი მესამე კორპუსში ათის ნაცვლად თერთმეტ საათზე გახსნეს ცესკოს წარმომადგენლებმა."
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეორე კურსზე დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით იყრის კენჭს თეა კანდელაკი. ,,ჩავები საარჩევნო კამპანიაში, ბევრი ვიშრომეთ და იმედი მაქვს, წარმატებით დაგვირგვინდება ყველაფერი. რაც შეეხება არჩევნების პროცესს, ათის ნაცვლად თორმეტის წუთებზე დაიწყო არჩევნები. სხვა მხრივ, არაფერი მომხდარა" - გვითხრა თეა კანდელაკმა.
არჩევნები 19:00 საათამდე გაგრძელდება. შედეგები დღის ბოლოს გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.