"ინტელექტის დღე - 2014"
18 მაისი, 2014
"ინტელექტის დღე - 2014" ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს ზოგადსაგანმანთლებლო სკოლების ჩემპიონატი ინტელექტუალურ თამაშში ,,რა? სად? როდის?" დასრულდა.

ინტელექტუალური შეჯიბრის ფინალურ ტურნირში 72 მუნიციპალური ჩემპიონი შეერკინა ერთმანეთს, ქვეყნის ყველაზე ინტელექტუალური სკოლის ტიტულის მოპოვება კი ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პირველმა საჯარო სკოლამ შეძლო.

ფინალურ შეჯიბრს საქართველოს ინტელექტკლუბის პრეზიდენტი გიორგი მოსიძე წარუძღვა, ხოლო თამაშს ესწრებოდნენ: კავკასიის უნივერსიტეტის, "პალიტრა L"-ის წარმომადგენლები, განათლებისა და მეცნიერების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროების ხელმძღვანელი პირები. 

რაც შეეხება თამაშის წესებს, თითოეულმა გუნდმა 36 შეკითხვას უპასუხა, ყოველი 12 შეკითხვის შემდეგ გუნდებს ჰქონდათ 10-წუთიანი შესვენება და მათ შეეძლოთ გუნდის ერთი წევრის ჩანაცვლება სხვა წევრით, მათი შედეგების შემოწმება კი კომპიუტერის საშუალებით ხდებოდა.

პროექტის პარტნიორმა ,,პალიტრა L"-ის მთავარმა რედაქტორმა ნინო დეკანოიძემ გაამხნევა გუნდები და სიტყვით მიმართა მათ: ,,ჩვენთვის, ისევე როგორც ყველასთვის, თქვენ საუკეთესოთა შორის საუკეთესოები ხართ, ინტელექტი ის ერთადერთი იარაღია, რომელიც შენია და ყველგან წაგყვება". 

,,ინტელექტის დღე - 2014" პროექტის საპრიზო ადგილების მფლობელები გახდნენ: ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პირველი საჯარო სკოლა (I ადგილი), სსიპ ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლა (II ადგილი), მესამე ადგილის მფლობელები კი ქალაქ ფოთის წარმომადგენლები გახდნენ.

პროექტის გენერალურმა პარტნიორმა კავკასიის უნივერსიტეტის რექტორმა კახა შენგელიამ საპრიზო ადგილის მფლობელები და ვანის, ჭიათურისა და სამტრედიის გუნდების თითოეული წევრი ფულადი ვაუჩერებით დაასაჩუქრა, "პალიტრა L"-ის წარმომადგენელმა გამარჯვებულებს გადასცა კონსტანტინე გამსახურდიას რომანი ,,დავით აღმაშენებელი". მათ გადაეცათ ასევე დიპლომებიც.

გამარჯვებულები კმაყოფილები და გახარებულები იყვნენ თავიანთი შედეგებით: ,,ძალიან საინტერესო თამაში გამოგვივიდა, გამარჯვებას გარკვეულწილად ველოდით და ვფიქრობ, რომ ღირსეულად მოვიპოვეთ ეს ტიტული" - განაცხადა ბათუმის გუნდის ერთ-ერთმა წევრმა. 

,,თამაშით კმაყოფილი ვარ, ბოლოს ძალიან დაძაბული ბრძოლა მიმდინარეობდა და ვფიქრობ, რომ ღირსეულმა მოიგო, ვულოცავთ ბათუმს გამარჯვებას" - განაცხადა 199-ე სკოლის კაპიტანმა.

,,თავიდან პესიმისტურად ვიყავით განწყობილნი, არ გვეგონა საპრიზო ადგილის მფლობელები თუ გავხდებოდით, მაგრამ ბოლოს მოვახერხეთ, მესამე ადგილზე გავედით, რითაც აღფრთოვანებულნი ვართ" - აღნიშნა გუნდის ერთერთმა წევრმა თამთა ფაჩულიამ.
დღეს სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" უამრავი მაყურებელი და გულშემატკივარი ესწრებოდა ფინალურ ტურნირს.

,,ვფიქრობ, რომ მსგავსი ღონისძიება მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ინტელექტუალური განვითარებისთვის, კმაყოფილი ვარ დღევანდელი თამაშით, მიმაჩნია, რომ გუნდებმა კარგად გაართვეს თავი დასმულ შეკითხვებს და, რაც მთავარია, იგრძნობოდა მომავალი თაობის ინტელექტის მაღალი დონე" - აღნიშნა ერთ-ერთმა მაყურებელმა ნინო ტაბაღუამ.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary