აგრარულ უნივერსიტეტში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტის ლეო ჩიქავას საჯარო ლექცია ,,დემოგრაფიული კრიზისი საქართველოში" ჩატარდა.
ლეო ჩიქავამ ისაუბრა იმ მძიმე დემოგრაფიულ საკითხებზე, რომლებიც მწვავედ დგას ქართულ რეალობაში: "შაგრენის ტყავივით მცირდება ჩვენი მოსახლეობის რიცხოვნება, ჯერ კიდევ 1254 წლის აღწერით, ივანე ჯავახიშვილის ცნობით, 8 მილიონამდე ქართველი ცხოვრობდა საქართველოში, ეს კი იმდროინდელი იტალიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ქვეყნების მოსახლეობას უტოლდება".
რაც შეეხება მოკვდაობის ზოგად კოეფიციანტს საქართველოში, დღეისათვის ეს 11 პრომილეს შეადგენს, ხოლო ბუნებრივი მატების კოეფიციენტი კი 2 პრომილეა, რაც, ლეო ჩიქავას თქმით, კატასტროფული მაჩვენებელია. გარდა ამისა, საქართველო დაბერებულ ერებთა რიცხვს მიეკუთვნება: ,,ვარაუდობენ, რომ 2050 წელს 15 წლამდე ახალგაზრდების წილი იქნება 10%, 65 წელს ზევით მოსახლეობისა კი - 25%".
ლექციაზე განიხილეს ის ხელისშემშლელი ფაქტორებიც, რომლებიც განაპირობებენ საქართველოში დემოგრაფიულ კრიზისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტის თქმით, ეს ფაქტორებია: უმუშევრობა და სიღარიბე, მიგრაცია, ბავშვების ყოლასთან დაკავშირებული უარყოფითი პოზიცია. მან ასევე გაამახვილა ყურადღება იმ საკითხებზეც, რომლებიც ხელს შეუწყობენ ბუნებრივი მატების ზრდას, ესენია: დემოგრაფიული პოლიტიკის გატარება, ოპტიმალური ოდენობით ბავშვთა ყოლის ფორმირება და მისი შესაბამისი რეპროდუქტიული განვითარებისა და რეპროდუქტიული ქცევის დამკვიდრება, მატერიალური დახმარება, პენსია (შვილების რაოდენობის მიხედვით), ეკლესიის როლის კიდევ უფრო გაძლიერება და მისი ჩართულობა ამ საკითხში.
ლეო ჩიქავამ ასევე აღნიშნა ის უდიდესი როლი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, რომელიც უშუალოდ უკავშირდება ბუნებრივი მატების გაუმჯობესებას ჩვენს ქვეყანაში, მისი ინიციატივით, 20000 ბავშვი მოინათლა ბოლო წლების მანძილზე.