ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია "ლიგამუსში" ღია ლექცია გაიმართა.
მოხსენება ამავე უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტმა ივა ლომიძემ გააკეთა.
თემის სახელი იყო "სექსუალობა და თანამედროვეობა: პერვერსიების დასასრული?"
მომხსენებელმა სექსოლოგიის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან მსმენელებს საზოგადოების დამოკიდებულება გააცნო სხვადასხვა ისტორიულ ჭრილში. საუბარი შეეხო ასევე განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის წარმომადგენელთა ქცევას; ინდივიდის სექსუალობას, როგორც მის ნორმალურ ან ნორმიდან გადახრილ, გაუკუღმართებულ ქცევას.
"წმინდა ურთიერთობა არის წმინდა იმდენად, რამდენადაც ის არ ხელმძღვანელობს თავის მიღმა არსებული ღირებულებით. თუკი შუა საუკუნეებში სექსუალური კავშირი იყი მხოლოდ ბავშვი ან ოჯახი, თანამედროვე საზოგადოებაში ასეთი ღირებულებები აღარ არსებობს. ურთიერთობა არის მთლიანად დაცლილი გარეგანი საზრისებისგან და არის მხოლოდ წყვილის სიამოვნებაზე დამყარებული. ის ემსახურება ერთადერთს - ამ ურთიერთობაში მყოფმა წყვილმა მიიღოს სიამოვნება. ხდება ურთიერთობის, როგორც ღია პროექტის გაგება, ის აღარ არის რაღაც განსაზღვრულობა, აღარ არის სტატიკური მოცემულობა. პერვერსიების ცნებაც კარგავს თავის საზრისს იმ მარტივი აზრით, რომ თუ ჩვენ არ გვაქვს ნორმის განსაზღვრება, ლოგიკურია, რომ არ გვექნება ავადმყოფობისა და გადახრის ცნებაც. თანამედროვე ადამიანი საკუთარ სექსუალურ მისწრაფებებს კი არ არგებს კულტურულ ნორმებს, არამედ ცდილობს, კულტურული მოცემულობები თვითონ მოირგოს და განსაზღვროს ისე, როგორც მას უნდა" - აცხადებს ივა ლომიძე.
"ჩემი აზრი არის ის, რომ საქართველოს კონტექსტში, სადაც სექსუალობის პრობლემა აქტუალურია, საჭიროა, რაც შეიძლება ბევრი დისკუსია გაიმართოს; დისკუსია უნდა იყოს, როგორც აკადემიურ სივრცეში, ასევე უნდა იყოს ფართო მასებში" - ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გიორგი თადუმაძე.
შეგახსენებთ, რომ სტუდენტური პროექტის "Sapere Aude" ფარგლებში ყოველ ოთხშაბათს 18:00 საათზეილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია "ლიგამუსში" (მე-3 სართული) გაიმართება ღია ლექცია.