ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სემინარი თემაზე - "ნაციონალიზმის ისტორიული პერსპექტივები: დრო, სივრცე, ტექნოლოგიები და იდენტობა მე-18 საუკუნემდე".
სემინარზე განიხილეს ნაციონალიზმი, როგორც მოდერნული პოლიტიკური და სოციალური ფენომენი და შესაძლებელი იყო თუ არა, ერები წარმოქმნილიყო მოდერნულ ხანამდე?
აღნიშნულ სალექციო თემას წარუძღვნენ მკვლევარი ლევან ბუწაშვილი და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ეკა ავალიანი.
ლევან ბუწაშვილმა აღნიშნა: "ზოგი მიიჩნევს, რომ ნაციონალიზმი ეს არის სახელი იმ სოციალური ჯგუფებისა, რომლებიც, გაერთიანებულები იყვნენ ერთი სახელმწიფოს ქვეშ. საზოგადოების სტრუქტურა იყო განსხვავებული პრეისტორიულ ხანამდე. არ არსებობს აბსოლუტური ისტორია, ყოველთვის ძიების პროცესში ვართ. ნაციონალიზმი ეს არის პოლიტიკური მოვლენა, რომელსაც ჰქონდა განმაპირობებელი მიზეზები, ეს იყო ფართო იდენტობის წარმოშობის განათლების სისტემა და სხვა წარმოდგენა დროსა და სივრცეზე. ჩვენ ვკამათობთ იმაზე, თუ რას ვარქმევთ ნაციონალიზმს, შეიძლება მოვნახოთ საზოგადოება, სადაც ერთიანობის შეგრძნება, საერთო სიმბოლოები, საერთო ტერიტორია იყოს მათი სოლიდარობის გამომწვევი, მაგრამ მთავარი არის იდეოლოგია, რომელიც ადამიანებს აიძულებს, იყვნენ მოქალაქეები, იყვნენ სახელმწიფოს ნაწილი, არა იმიტომ, რომ ისინი დაიბადნენ კონკრეტულ ადგილას, კონკრეტულ რელიგიურ საზოგადოებაში, კონკრეტულ ნათესაურ კლანში, არამედ ისინი გახდნენ მოქალაქეები, იმიტომ, რომ მათ გაიარეს ერთგვარი სკოლა, იდეოლოგიური ზეგავლენა. თქვენ შეგიძლიათ, ამას დაარქვათ ნაციონალიზმი, მაგრამ ეს დაახლოებით იგივეა, მონახოთ ქრისტიანები ქრისტემდე. ნებისმიერ შემთხვევაში, როცა ვიყენებთ ტერმინებს, მას, პირველ რიგში, აქვს ისტორიული მნიშვნელობა, ის კონკრეტულ კონტექსტს კონკრეტულ დროს მიემართება და შესაბამისად, როცა ვლაპარაკობთ ნაციონალიზმზე ,ჩვენ ვლაპარაკობთ იმ პერიოდზე, როცა ინდუსტრიალიზაციამ შექმნა ეთნიკურად განსხვავებული საზოგადოება იმისგან, რაც იყო მანამდე" - განაცხადა მკვლევარმა.
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის ეკა ავალიანის თქმით, "მე დამაინტერესა ამ თემამ, რამდენადაა შესაძლებელი უნივერსალური კონცეფცია მივიღოთ? 2014 წლის 10 მაისს ინგლისის ერთ-ერთ უნივერსიტეტში გაიმართა მსგავს და აქტუალურ თემაზე კონფერენცია, რომელზეც სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას".
"ისტორია - ეს არის იმპროვიზაციები. ძველი პერიოდი ეს არის განსაკუთრებული დინამიკა, რომელიც რადიკალურად განსხვავებულია, მაგრამ ამავე დროს კაცობრიობის შემოქმედების ყველაზე დიდი პერიოდია. ჩვენ არ შეგვიძლია, ვამტკიცოთ რაღაც ერთჯერადი ფაქტების დონეზე. ტერმინებს აქვს დიდი მნიშვნელობა. ტერმინები: ნაციონალიზმიც, იმპერიაც არსებობდა უძველეს დროშიც. მე ვფიქრობ, რომ დიდმა ავტორებმა ფუნდამენტური ნაშრომები დაგვიტოვეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დამოკიდებულნი გავხდეთ ამ კონცეფციებზე. ზოგი ავტორი ნაციონალიზმის იდეას უკავშირებს ებრაულ სამყაროს. ახალ რეალობაში როდესაც იქმნება ახალი სახელმწიფო, დგება ახალი ტერმინების შემუშავების იდეა. დღევანდელი მეცნიერები ამას არქმევენ პოლიტიკურ ნაციონალიზმს. მიმდინარეობს დებატები. თუ ჩვენ ნაციონალიზმს ავიღებთ, როგორც პოლიტიკური ნაციონალიზმის მასობრივ მოვლენას, ამას სჭირდება ის მოდერნისტული მექანიზმები, როგორიცაა საგანმანათლებლო დაწესებულებები და მასმედია. იქმნება ახალი ვარიაციები. დიდი ავტორები ქმნიან მას და ეს ტაბუდადებული არ არის" - განაცხადა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა.