კულტურის ფესტივალი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში
23 მაისი, 2014
კულტურის ფესტივალი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა კულტურის ფესტივალს უმასპინძლა.

ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იყო უნივერსიტეტის ქართველი და უცხოელი სტუდენტების კულტურული სტენდები.

უნივერსიტეტში ოცი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები სწავლობენ. მათ შორის: საქართველოს, თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ნიგერიის, კამერუნის, უკრაინისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები. ფესტივალის ორგანიზატორის ოკან ერაის თქმით, ღონისძიების მიზანია, სტუდენტებმა უკეთ გაიცნონ ერთმანეთის კულტურა. ,,უნივერსიტეტში ოცი სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები სწავლობენ. ჩვენი ძირითადი მიზანი იყო, მათ ერთმანეთის კულტურა და ტრადიციები გაეცნოთ. ასევე გვინდოდა, ყველას ენახა, რომ საქართველო სტუმართმოყვარე ქვეყანაა, ყველას იღებს და თავის ტრადიციებს აცნობს" - თქვა ოკან ერაიმ.

ფესტივალის ფარგლებში ქართველმა და უცხოელმა სტუდენტებმა კუთხეები მოაწყეს, სადაც თავიანთი კულტურისა და ტრადიციებისათვის დამახასიათებელი კერძები, მუსიკალური ინსტრუმენტები, სამოსი, ნაკეთობები და აქსესუარები გამოფინეს. მსურველებს ადგილზე მომზადებული ტრადიციული კერძებისა და სასმელების დაგემოვნებაც შეეძლოთ. ფესტივალის ფარგლებში მოეწყო საგამოფენო დაფები, სადაც სტუდენტების ნახატები იყო გამოფენილი. 

შავი ზღვის უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ანა ასათიანის თქმით, ღონისძიება ადმინისტრაციის წრმომადგენლებმა და სტუდენტებმა უნივერსიტეტის 19 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმეს: ,,უნივერსიტეტის 19 წლის იუბილესთან დაკავშირებით გადავწყვიტეთ, დაგვეგემა საერთაშორისო კულტურული ფესტივალი. თითოეული ქვეყნის წარმომადგენელს უნდა გაეკეთებინა კულტურული სტენდი და ეჩვენებინა ცეკვა, სიმღერა, სამზარეულო და ტრადიციული ტანისამოსი".

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა კონცერტი, რომელზეც სტუდენტებმა შეასრულეს ტრადიციული ცეკვა-სიმღერა და დაუკრეს სხვადასხვა ინსტრუმენტზე. ღონისძიებაზე აზერბაიჯანს წარმოადგენდა აისა მამედოვი. ,,დღეს ტრადიციული აზერბაიჯანული სიმღერა ვიმღერე. ეს პროექტი უფრო დააახლოვებს ჩვენს მეგობრობას" - თქვა მან ,,თავისუფალ ასოციაციასთან" საუბრისას. 

კონცერტზე საქართველოს წარმოადგენდნენ ,,X ფაქტორის" მონაწილეები თამუნა შავერდაშვილი და სოფო სააკაშვილი. ,,მსგავსი ფესტივალები თურქეთსა და საფრანგეთში მაქვს ნანახი და ეს ფესტივალიც ძალიან მომეწონა. მე ამ უნივერსიტეტის სტუდენტი ვარ და დღეს ორი სიმღერა შევასრულე საქართველოს სახელით" - აღნიშნა სოფო სააკაშვილმა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფესტივალი ერთდღიანი იყო. ორგანიზატორები ფესტივალის ჩატარებას მომავალ წლებშიც გეგმავენ.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary