წიგნის მაღაზია "ლიგამუსში" თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით გამოცემული წიგნის "თბილისის თეატრები გარდამავალი ეკონომიკის პირობებში" პრეზენტაცია გაიმართა.
შეხვედრას თეატრმცოდნე და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი უძღვებოდა.
კრებულზე თეატრმცოდნეებთან ერთად სტუდეტები და მათი ხელმძღვანელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების ინტერდისციპლინური კვლევების პროგრამის დოქტორანტი ნატალია თვალჭრელიძე მუშაობდნენ. წიგნში ასახული ინფორმაცია ხელს შეუწყობს თავად თეატრებს, რათა მათი საქმიანობა გახდეს უფრო მეტად ეფექტური და თუნდაც, ოდნავ მაინც შეივსოს ინფორმაციული ვაკუუმი, რომელიც ამ სფეროში ათწლეულების განმავლობაში წარმოიშვა. სახელმძღვნელო გააუმჯობესებს სარეპერტუარო პოლიტიკას, მაყურებელთან კომუნიკაციას, მარკეტინგულ და პიარ საქმიანობას.
აღნიშნული გამოცემა ეძღვნება 2013-2014 წელს გარდაცვლილი თეატრის მოღვაწეების, მსახიობების: ოთარ მეღვინეთუხუცესის, გურამ საღარაძის, რეზო თავართქილაძის, რეჟისორების: ლილი იოსელიანის, გიგა ლორთქიფანიძის, ლევან მირცხულავას, სცენოგრაფ თემურ ნინუას და თეატრმცოდნეების: მიხეილ კალანდარიშვილის, ნათელა ურუშაძისა და კოტე ნინიკაშვილის ხსოვნას.
ილიას უნივერსიტეტის სტუდენტის მარი მჭედლიძის თქმით: "თეატრი ჩემი ინტერესის სფეროს წარმოადგენს. მჭირდება მეტი ინფორმაცია ამ თემაზე. ვცდილობ, ყოველთვის დავესწრო ასეთ საინფორმაციო ღონისძიებებს".