კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი შეხვდა.
შეხვედრის მთავარი თემა იყო "სპორტისა და ახალგაზრდობის პრობლემატიკა, განხორციელებული და მიმდინარე პროექტები".
ლევან ყიფიანმა სტუდენტებთან საუბრისას აღნიშნა: "სპორტი და ახალგაზრდობა უნთავრესია და ჩვენ შევეცდებით, ჩვენმა საქმეებმა უფრო წარმოგვაჩინოს. სპორტი ის დარგია, რომელსაც გააქვს ქვეყნის სახელი უცხოეთში. სამწუხაროდ, სპორტი დღეს ყველასათვის არ არის ხელმისაწვდომი და უნდა შევქმნათ ისეთი პირობები, რომ ახალგაზრდები ჩართულნი იყვნენ სპორტის სხვადასხვა სახეობაში. ჩვენი ლოზუნგია - "იცხოვრე სპორტით, დარჩი ახალგაზრდა".
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ფეხბურთის პრობლემებზე და ისაუბრა სპორტის სახეობების ხელშეწყობაზე.
მან აუდიტორიას ასევე გააცნო ის ახალი პროექტები და ცვლილებები, რაც უახლოეს მომავალში იგეგმება სპორტული ცხოვრების გაჯანსაღებისა და განვითარებისათვის.
"ჩვენ აღვადგინეთ სპორტის აკადემია, სადაც 450 სტუდენტის მიღება უკვე შესაძლებელია, აქ იქნება, ძირითადად, ორი სპეციალობა: მწვრთნელთა მომზადება და დაზარალებულთა რეაბილიტაციის შესწავლა. ასევე ფინანსდება ქართული ჭიდაობის ახალი ცენტრები და შენდება 70-მდე შენობა სხვადასხვა სოფელში. ჩვენ ვქმნით ახალ ობიექტებს ფრენბურთისთვის, მძლეოსნობისთვის, აუზებს, იგეგმება ხუთი ახალი ობიექტი თბილისის ზღვასთან და ასევე რეგიონებშიც. მიმდინარეობს ძველი და დაზიანებული სტადიონების რეაბილიტაცია ბათუმში, ზუგდიდში, ხოლო წყალტუბოში აშენდება საერთაშორისო მოთხოვნის სტადიონი" - განაცხადა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა.
სტუდენტი თამუნა ბლიაძე აღნიშნულ შეხვედრის შესახებ გვესაუბრა: "დღევანდელი შეხვედრით კმაყოფილი ვარ. საინტერესო იყო უშუალოდ მინისტრისგან სამოქმედო გეგმის გაცნობა. საკმაოდ კარგი ხედვა აქვს. თუმცა, არ მომეწონა ის, რომ ძირითადი აქცენტი გაკეთებული იყო ფეხბურთსა და ძიუდოზე. არაფერი უთქვამს კრივზე, რაც, ვფიქრობ, არანაკლებ მნიშვნელოვანი და საყვარელი სპორტია ახალგაზრდებისთვის".