პოლიტიკური კარიკატურების საერთაშორისო გამოფენა
02 ივნისი, 2014
პოლიტიკური კარიკატურების საერთაშორისო გამოფენა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
სამხატვრო აკადემიაში არასამთავრობო ორგანიზაცია "ეუფორიონმა" და "საქართველოს რეფორმების ასოციაციამ" პოლიტიკური კარიკატურების საერთაშორისო გამოფენა გახსნა.

წარმოდგენილი იყო დერილ კეილის, გიორგი გამეზარდაშვილის, მარტინ შუტოვეჩის, ოლეგ სმაილის, ანდრეი მილეცკოს, პაველ რეისნერისა და ჩაბა ვარგას ნამუშევრები.

ჩაბა ვარგა არის უნგრეთის ყველაზე ცნობილი სარედაქციო კარიკატურისტი. ვარგა ასახავს როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის სცენებს. იგი თითქოს სარკეში ახედებს როგორც უნგრელ, ასევე უცხოელ პოლიტიკოსებს იმისათვის, რომ დაანახოს მათ შეულამაზებელი სიმართლე.

დერილ კეილი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სარედაქციო კარიკატურისტია აშშ-ში. მისი ნამუშევრები დაახლოებით 850 მედიასაშუალებაში არის დაბეჭდილი. ის არის მსოფლიო კარიკატურისტების გაერთიანება CagleCartoons.com-ის დამაარსებელი. ეს ვებგვერდი ავრცელებს მრავალი ავტორის ნამუშევრებს, მათ შორის მარტინ შუტოვიჩის შარჟებსაც.
მარტინ შუტოვეჩი ყველაზე პოპულარული კარიკატურისტია სლოვაკეთში. ის სწავლობდა გრაფიკულ დიზაინს ბრატისლავას სახვითი ხელოვნების აკადემიაში. დიზაინერობის შემდეგ მან დაიწყო ნახატების და კარიკატურების შექმნა ჟურნალებისთვის. 2002 წლიდან ის არის სარედაქციო კარიკატურისტი ყოველდღიურ გაზეთში "SME". 

ოლეგ სმაილი არის ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი სარედაქციო კარიკატურისტი უკრაინაში. მას აქვს 10 000-ზე მეტი პუბლიკაცია სხვადასხვა გაზეთსა და ჟურნალში. მოგებული აქვს რამდენიმე კარიკატურული ჯილდო. 1992 წელს მან დაამთავრა არქიტექტურის ფაკულტეტი კიევის სახელმწიფო ინჟინერიისა და არქიტექტურის უნივერსიტეტში. იგი საკმაოდ აქტიური ჟურნალისტი და კარიკატურისტია. 

ყველაზე დაფასებულ პოლონელ კარიკატურისტს ანდრეი მილეცკოს შექმნილი აქვს 15 000-ზე მეტი ილუსტრაცია. მისი კარიკატურები გამოქვეყნებულია როგორც პოლონურ, ასევე საერთაშორისო მედიაში.
პაველ რეისენაუერი ცნობილია, როგორც ყველაზე ორიგინალური ილუსტრატორი ჩეხეთში. უკვე 20 წელია ის ქმნის სარედაქციო კარიკატურას. მისმა ნამუშევრებმა მოიგო K. H. Borovsky-ს პრიზი 2008 წელს.

და ბოლოს, გიორგი გამეზარდაშვილი, ასევე ცნობილი როგორც GAMEZ, გახლავთ საქართველოში ავტორიტეტული კარიკატურისტი და წარმატებული მხატვარი. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. მის ნამუშევრებს მთელ საქართველოში შეხვდებით, როგორც ქუჩაში კედლებზე, ასევე, წიგნებში, ჟურნალების გარეკანებსა თუ ბეჭდურ და ონლაინ მედიაში. იგი ადგილობრივი და საერთაშორისო გამოფენების ხშირი მონაწილეა. თავისი საქმიანობით საკმაო წვლილი შეაქვს სოციალურ პროექტებში. დღესდღეობით ის მუშაობს ქართულ ტელევიზიაში და არის 3D ანიმაციების ჯგუფის მთავარი მხატვარი.

პროექტის მთავარი იდეა მდგომარეობს პოლიტიკური კარიკატურების, როგორც კრიტიკული და დამოუკიდებელი ჟანრის წარმოდგენასა და ჩეხეთის, საქართველოს, სლოვაკეთის, პოლონეთის, უნგრეთის, უკრაინისა და აშშ-ს საუკეთესო კარიკატურისტების ნამუშევრების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობაში.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary