გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს "ააიპ ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოსა" და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს შორის.
აღნიშნული დოკუმენტის გაფორმებასთან ერთად Elsa-ს პრეზიდენტმა ზურაბ ბეჟაშვილმა მოკლე პრეზენტაციის სახით სტუდენტებს ორგანიზაციის ისტორია და სამომავლო გეგმები გააცნო, განიხილეს ყველა პრივილეგია და მასტიმულირებელი საშუალებები, რომელიც დღეს ორგანიზაციას აქვს.
დოკუმენტის მნიშვნელობაზე კი ჩვენთან საუბარში ამავე უნივერსიტეტის პიარის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნატო მახათაძემ ისაუბრა: "მოხარული ვარ დღევანდელი დღით, ეს უბრალოდ დოკუმენტი არ არის. ამით კიდევ ერთხელ მტკიცდება ქართველი სტუდენტების უპირატესობა, რადგან მე და კიდევ ბევრ სტუდენტს შეხება გვქონია Elsa-სთან, ზუტად ვიცით მათი შესაძლებლობა და დარწმუნებული ვარ ნაყოფიერი თანამშრომლობა შედგება".
რაც შეეხება სტუდენტების განწყობასა და მოტივაციას, სამართლის ფაკულტეტის სტუდენტმა მარიამ გოგიშვილმა აღნიშნა: "ამ ორგანიზაციაში ბევრი მეგობარი მყავს, ვყოფილვარ მათ მიერ მოწყობილ იმიტირებულ სასამართლო პროცესებზე და დღემდე ვარ ჩართული მათ პროექტებში, მაგრამ დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც ჩვენს უნივერსიტეტში წარმომადგენლობის გახსნას ისახავს მიზნად. დარწმუნებული ვარ, ჩვენი უნივერსიტეტის სახით ძალიან ძლიერი წარმომადგენლობა იქნება".
Elsa-ს პრეზიდენტმა ზურაბ ბეჟაშვილმა განაცხადა: "რატომ მაინცდამაინც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი?! იმიტომ, რომ ეს უნივერსიტეტი გამოირჩევა სტუდენტების ძალიან აქტიური ნაკადით, რომლებიც ჩართულნი არიან ჩვენ მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებში, გამომდინარე აქედან, გადავწყვიტეთ წარმომადგენლობის შექმნა და მჭიდრო და ახლო ურთიერთობა უნივერსიტეტთან, ვიმედოვნებ და დარწმუნებული ვარ ნაყოფიერი თანამშორომლობა გამოგვივა".