"სოფლის სოციოლოგთა კლუბის" მიერ დაგეგმილი ღონისძიება/პროექტი "სოფელი ავრანლო", რომელიც 1-2 ივნისს მიმდინარეობდა, წარმატებით დასრულდა.
მის განხორციელებაში მოანაწილეობა მიიღეს მოხალისეებმა და მხარდამჭერმა ორგანიზაციებმა: Masterpeace Georgia, CaYNex, Apnsc Dayhome, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 360º - ახალგაზრდული ინტერნეტ-ჟურნალი.
პროექტის მთავარი მიზანი იყო ადგილობრივი ახალგაზრდების გააქტიურება და ჩართვა სხვადასხვა სახის კულტურულ, სპორტულ და ინტელექტუალურ ღონისძიებაში. გარდა ამისა, წინასწარ შეგროვებული შემოწირულობა და წიგნები გადაეცა სოციალურად დაუცველ ოჯახსა და სოფელ ავრანლოს საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას.
პირველი დღე სკოლის ეზოში დასუფთავების აქციით დაიწყო, შემდეგ კი სპორტული აქტივობით გაგრძელდა. მოხალისეებმა ადგილობრივებს შეასწავლეს თოკზე სიარული, ცეცხლის შოუ და ფრიზბის სროლა. საღამოს გაიმართა ჩარლი ჩაპლინის ფილმის "The Kid" ჩვენება და ჩატარდა ტრენინგი "როგორ წავიდეთ უცხოეთში", რასაც მოჰყვა დისკუსია სოფლის პრობლემების შესახებ. დღე დასრულდა სკოლის მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით.
მეორე დღის ღონისძიებები იყო: "თავისუფალი კითხვა", ტრენინგი მშვიდობის თემასა და სახელმწიფოსთვის საერთაშორისო ორგანიზაციების როლის მნიშვნელობის შესახებ, ინტელექტუალური და "out door" თამაშები. "თავისუფალი კითხვა" შედგებოდა ორი სექციისგან, ერთი დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის იყო განკუთვნილი, მეორე კი - უფროსკლასელებისთვის. აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა წაიკითხეს და განიხილეს მხატვრული ნაწარმოებები. ტრენინგი და თამაშები ჩაატარა ერთ-ერთმა მხარდამჭერმა ორგანიზაციამ Masterpeace Georgia.
სოფელ ავრანლოს ახალგაზრდები აქტიურად მონაწილეობდნენ თითოეულ აქტივობაში. ასევე, სტუმრებს დაათვალიერებინეს სოფლის ბუნებრივი და ანთროპოგენული ძეგლები. პროექტის დასასრულს კი ისურვეს მსგავსი ტიპის ღონისძიებების ხშირად ჩატარება.