აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკითხველო დარბაზში უნივერსიტეტის პერსონალსა და სტუდენტებს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია შეხვდა.
მან ისაუბარა ბიუჯეტში თანხების განაწილებაზე, რაც გულისხმობს შემოსავლებს, გრანტებს, ჯარიმა-სანქციებს, მიზნობრივ და სპეციალურ ტრანსფერებსა და სხვა. მან ყურადღება გაამახვილა ბალანსის პრინციპის დაცვაზე. მათ შორის ფინანსური და არაფინანსური აქტივების კლებაზე: ,,ბიუჯეტის უპირველესი პირობაა შეივსოს იგი, რასაც კარგი მენეჯერი ტრანსფერებზე აქცენტის გაკეთებით შეძლებს". მისი თქმით, უნდა შეიქმნას პარკინგის მოწესრიგებული სისტემა, რადგან დღეს პატარ-პატარა ნაკვეთებად გაცემული მიწებიდან 10-ჯერ ნაკლები თანხა შედის ბიუჯეტში".
,,მიხარია, რომ ქუთაისში ქონების ფასი იზრდება. რაც იმას ნიშნავს, რომ დაინტერესება ქალაქზე დიდია. საკუთარი შემოსავლების გასაზრდელად კი ამ ქალაქს დიდი პოტენციალი აქვს. წყაროებთან (დონორ ორგანიზაციებთან) უნდა მოვახდინოთ მაქსიმალური წვდომა და სპეციალური ტრანსფერის გაზრდა, რადგან ამ ქალაქში შეიძლება მსხვილი ინფრასტრუქტურის განვითარება. ის მდიდარი ტრადიციებისა და ღირებულებების მატარებელი ქალაქია. რაც შეეხება მის სტატუსს, მას შეუძლია გახდეს საუნივერსიტეტო ქალაქი, ვინაიდან ჰყავს ძლიერი ახალგაზრდობა" - აღნიშნა შოთა მურღულიამ.
,,საინტერესო შეხვედრა იყო. მერმა გაგვაცნო სამომავლო გეგმები, რაც ქალაქის განვითარებას შეუწყობს ხელს. დავსვი კითხვა ახალგაზრდების მოტივაციის ამაღლებასა და წახალისების შესახებ, რაზეც მივიღე ამომწურავი პასუხი. მისი თქმით, ამ კუთხით არაერთი ღონისძიება იგეგმება განსახორციელებლად" - განაცხადა სტუდენტმა ლელა ხელაძემ.