ცნობილი პოლიტიკური კარიკატურისტი და ჟურნალისტი დერილ ქეილი კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და საჯარო ლექცია გამართა.
თავდაპირველად მან ისაუბრა იმის შესახებ, თუ რაოდენ საინტერესო და შთამბეჭდავია მისთვის ამ ტიპის სამუშაო: ,,ვფიქრობ, რომ მსოფლიოში საუკეთესო სამუშაო მაქვს, ეს ჩემთვის მეტად სახალისო და საინტერესოა, როდესაც თავში რაღაც იდეა მომდის, მაშინვე ფურცელზე გადამაქვს და ერთ კარიკატურაზე მუშაობას დაახლოებით 1-2 კვირას ვანდომებ".
დერილი კარიკატურებს ქმნის იმ პოლიტიკური მოვლენების შესახებ, რომლებიც ყველაზე აქტუალური და მწვავეა მსოფლიოში, მისი შთაგონების წყარო ხშირად ყოფილა, როგორც დიდი, ასევე მცირე სახელმწიფოები (ამერიკა, რუსეთი, ჩინეთი, კოლუმბია, უკრაინა, ალჟირი, ესტონეთი, საქართველო...).
ლექციის მსველელობისას კარიკატურისტის ყურადღების მიღმა არც საქართველო დარჩენილა: ,,საქართველოში ძალიან ცოტა კარიკატურისტი გყავთ, რომლებიც პოლიტიკური განხრით მუშობენ, ვფიქრობ, რომ ეს ძალიან ცუდია, ამიტომ ამის გაუმჯობესებაზე უნდა იზრუნოთ" - განაცხადა დერილ ქეილიმ.
კარიკატურისტმა თავისი შემოქმედება გააცნო სტუდენტებს. მან აჩვენა თემატური კარიკატურები და თან ახსნა თითოეული მათგანი, თუ რა შინაარსის მატარებელი იყო, რამაც სტუდენტები მეტად გაახალისა და ლექციაც უფრო საინტერესო გახდა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო შეკითხვებზე.
,,ჩემთვის დერილიც და მისი შემოქმედებაც განსხვავებულია, სამწუხაროა, რომ საქართველოში მსგავსი რამ არ არის. ვფიქრობ, რომ მისი კარიკატურები კარგად ასახავს რეალობას" - აღნიშნა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტმა ხატია ჩიქოვანმა.
,,დერილი ძალიან თავისუფალი, განსხვავებული ადამიანია, თუმცა, ცოტათი უცნაურიც, მე ვაფასებ მის შემოქმედებას და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ თუკი საქართველოში გაიზრდება პოლიტიკური კარიკატურისტების რიცხვი, ეს ძალიან სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნისთვის" - გვითხრა ნათია ჯოხაძემ.