ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში წიგნის მაღაზია "ლიგამუსში" სტუდენტური პროექტის "Sapere Aude" ფარგლებში ღია ლექცია გაიმართა.
მოხსენება ჟურნალ "National Geographic"-ის მთავარმა რედაქტორმა ლევან ბუთხუზმა გამართა. თემის სახელი იყო: "ემბრიონიდან სიკვდილამდე: რას განსაზღვრავს გენები და რაც განსაზღვრავს გარემო".
შეხვედრაზე საუბარი იყო გენეტიკური განწყობის მნიშვნელობაზე, რომელიც დომინანტურ როლს თამაშობს ადამიანის ნიშან-თვისებათა ჩამოყალიბებაში.
ლევან ბუთხუზის თქმით: "ნებისმიერი ადამიანის აიქიუ არ არის გამოხატული წიგნების კითხვის რაოდენობასა და სოციალურ სტატუსში. აიქიუ - ეს არის ადამიანის წინაშე მდგარი კომპლექსური ამოცანის ოპტიმალური გადაჭრის გზების საშუალება. მაღალი აიქიუს მქონე ნებისმიერი სოციალური კატეგორიის ადამიანი შეიძლება იყოს პროფესორი, გლეხი, მათხოვარი და განსხვავებული ორიენტაციის მქონე ადამიანი. მაგალითად, მათხოვარი შეიძლება ძალიან მაღალი აიქიუს მქონე ადამიანი იყოს, თუმცა, მათხოვრობდეს საკუთარი არჩევანი გამო; მათი შვილი ასევე მაღალი აიქიუს მატარებელი იქნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შენ თუ პირობა არ შეუქმენი, მაღალი/დაბალი აიქიუს მქონე ადამიანს, ის გამოვლინდება. ამ შემთხვევაში გარემო სწორედ ამ კუთხით ერევა, ამიტომ პრიციპულად მივიჩნევ, რომ სახელმწიფომ თანასწორი პირობები უნდა შექმნას ყველასთვის. ის ვერ დაიწყებს დათვლას - შენ მაღალი აიქიუ გაქვს და "ფაშისტურად" გადაარჩევს საუკეთესოებს და დანარჩენებს ჩაძირავს. იმისთვის, რომ თავი დაიცვას, სწორედ თანასწორი სასტარტო პირობები უნდა მისცეს ყველას, განათლების, ჯანმრთელობის, სოციალური პირობების".
შეგახსენებთ, რომ სტუდენტური პროექტის "Sapere Aude" ფარგლებში ყოველ ოთხშაბათს 18:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია "ლიგამუსში" (მე-3 სართული) გაიმართება ღია ლექცია.