სასტუმრო "რედისონში" მედიაპროექტ "ახალგაზრდული პრესკლუბის" პრეზენტაცია გაიმართა.
შეხვედრა "ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდის" დირექტორის ირაკლი ჟორჟოლიანის გამოსვლით დაიწყო. მას მოჰყვა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძე. პროექტის პრეზენტატორმა ნიკოლოზ მეტრეველმა ამომწურავად ისაუბრა დაგეგმილ აქტივობებსა და მიზნობრივ ჯგუფებზე, რომელთაც მოემსახურება ახლად დაარსებული პრესკლუბი.
პროექტი ხორციელდება სსიპ "ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით. პრესკლუბის მიზანია, ახალგაზრდებისათვის გააუმჯობესოს მედიაგარემო და აამაღლოს მათი ინფორმირებულობის დონე.
პრესკლუბი აგრეთვე ხელს შეუწყობს ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებს შორის დემოკრატიული დიალოგის გამართვას, მათი აზრის გამოხატვისათვის შესაბამისი სივრცისა და საზოგადოებასთან ეფექტური საკომუნიკაციო არხების შექმნას.
"ახალგაზრდულ პრესკლუბში" გაიმართება ახალგაზრდული ორგანიზაციების პრესკონფერენციები, თემატური დისკუსიები, ინტერნეტგადაცემები, საჯარო განხილვა ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის. მიწვეული სტუმრის ფორმატში სხვადასხვა სფეროს ექსპერტები, საჯარო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ახალგაზრდებს მიაწოდებენ ინფორმაციას ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების შესახებ, ახალგაზრულ პროგრამებზე და გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას.
პრესსამსახურის ხელმძღვანელის ლიზა მეტრეველის თქმით: "დღეს ოფიციალურად გაიხსნა ჩვენი "ახალგაზრდული პრესკლუბი", რაც, ვფიქრობ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ახალგაზრდებს თავიანთი სამოქალაქო აქტივობის შესრულებაში. პრესკლუბი ღიაა ყველა ახალგაზრდისათვის, ვისაც საკუთარი აზრის გამოხატვა სურს".