სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტის ორგანიზებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული კინოს საღამო ჩატარდა.
მიწვეული სტუმრები იყვნენ: რეჟისორი ელდარ შენგელაია და კინომცოდნე ლელა ოჩიაური.
საღამოს დასაწყისს წარმოდგენილი იყო ფოტოკოლაჟი, რომლის შესახებაც ლელა ოჩიაურმა თქვა: "ამ კოლაჟმა მე კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ქართული კინო მართლა ფენომენია და მართლაც მოვლენაა მსოფლიო კინოს ისტორიაში და ეს არ არის გადაჭარბებული ნათქვამი".
პირველი კითხვის დასმისთანავე ელდარ შენგელაიამ საზოგადოებას მიმართა შემდეგი სიტყვებით: "ასეთი რაოდენობა ახალგაზრდებისა, რომლებიც დაინტერესებული არიან ქართული კინოთი, ძალიან სასიამოვნოა".
საღამო კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუმრებმა ისაუბრეს ქართული კინოს ისტორიაზე, გამოჩენილ მოღვაწეებზე. მათ დამსწრე საზოგადოებას საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.
"ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია უნივერსიტეტში ასეთი შეხვედრისა და ღონისძიებების ჩატარება იმისათვის, რომ ქართული კინოს პროპაგანდა მოხდეს და, ჩემი აზრით, თუკი ასეთი ღონისძიებები ჩატარდება, კარგი იქნება სტუდენტებისთვის და არა მარტო" - გვითხრა დამსწრემ გვანცა გავაშელმა.
თსუ-ს სტუდენტმა გუგა როგავამ საღამო მუსიკალურად გააფორმა. მან ქართული ფილმებიდან სხვადასხვა მუსიკალური ნაწარმოები შეასრულა. მისი თქმით, საღამო კარგად ჩატარდა და ფიქრობს, რომ თემა ამოუწურავია.
საღამოს დასასრულს ჩვენთან საუბარში ელდარ შენგელაიამ აღნიშნა: "ძალიან მომეწონა დღევანდელი საღამო, დღეს იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა თავისი სიტყვა-პასუხით, შინაარსითა და დამოკიდებულებით ქართული კინოს მიმართ".