თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინტელექტისა და განათლების საერთაშორისო სკოლის ISIE ორგანიზებით სტუდენტური კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციის თემა იყო "სტუდენტური გამოწვევა", სადაც უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, საკუთარი ნაშრომები აუდიტორიისათვის შვიდი წუთის განმავლობაში წარედგინათ.
ISIE არის ინტელექტისა და განათლების საერთაშორისო სკოლა, რომელიც ქართველ ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, განივითარონ პოტენციალი და უნარები არაფორმალური განათლების პროგრამებსა და პროექტებში მონაწილეობით.
ISIE საქართველოსა და საზღვარგარეთ ახალგაზრდებისათვის ქმნის დამატებით სივრცეს, რომელიც უნივერსიტეტში მიღებულ განათლებას მატებს საჭირო გამოცდილებას, რათა თაობებმა შეძლონ საზოგადოებისათვის სასარგებლო პროცესების ინიცირება და განხორციელება.
ISIE-ს ვიცეპრეზიდენტის გვანცა ჩიტიაშვილის თქმით: "ინტელექტისა და განათლების საერთაშორისო სკოლა ISIE-ს ორგანიზებით ტარდება სტუდენტური კონფერენცია "სტუდენტური გამოწვევა", რომელშიც მონაწილეობას იღებს 25 მომხსენებელი. კონფერენცია შეეხება საუნივერსიტეტო გარემოს და მომხსენებლები ისაუბრებენ მათი მოლოდინის შესახებ უნივერსიტეტში ჩაბარებამდე, სტუდენტურ გამოწვევასა და პრობლემებზე და არსებულ საუნივერსიტეტო რესურსებსა და რეალობაზე. ასევე შემოგვთავაზებენ მათ მიერ დანახულ პრობლემის გადაჭრის გზებს. ორგანიზაციას სპონსორობა გაუწია კომპანია "ნაბეღლავმა", ხოლო გამარჯვებულებისთვის პრიზები დააწესა გამომცემლობა "ინტელექტმა" და რუსთაველის თეატრმა".