თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საარჩევნო თემატიკაზე დებატები გაიმართა.
დებატების დაწყებამდე ცესკოს წარმომადგენელმა სტუდენტებს 15 ივნისს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე განხილული თემები იყო: არჩევნების როლი დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარებისთვის; გამჭირვალე და ანგარიშვალდებული ხელისუფლება; საქართველოს საარჩევნო პროცესის მონიტორინგი და გაუმჯობესება, საარჩევნო უფლებების დაცვა; ქვეყნის მართვაში საზოგადოების როლის გაზრდა და ხელისუფლების მიერ საზოგადოების აზრის გათვალისწინება; დემოკრატიული ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება.
ცესკოს წარმომადგენელმა დამსწრე ახალგაზრდებს საუბნო საარჩევნო კომისიის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია, რომელშიც 13 წევრი შედის. აქედან 6 წევრს ირჩევს საოლქო საარჩევნო კომისია კონკურსის საფუძველზე და 7 წევრს ნიშნავენ პარტიები არჩევნების დანიშვნის შემდეგ. საუბნო საარჩევნო კომისია თავისი შემადგენლობიდან ირჩევს თავმჯდომარის მოადგილესა და მდივანს. რაც შეეხება საოლქო საარჩევნო კომისიას, აქაც 13 წევრია, სადაც 5 წევრს ცესკო ირჩევს 5 წლის ვადით, 7 წევრს ნიშნავენ პარტიები არჩევნების დანიშვნის შემდეგ და 1 წევრს ირჩევს ცესკო არჩევნების დანიშვნის შემდეგ.
დებატებში მონაწილეობა შეეძლოთ მხოლოდ თსუ–ს სტუდენტებს, რომლებმაც წინასწარი რეგისტრაცია გაიარეს.
დებატები 2 საათს გაგრძელდა. დასასრულს თითოეულ მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა.