სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში
09 ივნისი, 2014
სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას უმასპინძლა.

მასში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ, როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს ნებისმიერი უნივერსიტეტიდან.

საკონფერენციო თემები ამჯერად 9 უნივერსიტეტის 96-მა სტუდენტმა წარადგინა და მისი ორგანიზატორის ნინო ქემერტელიძის თქმით, სულ 66 თემა იყო წარმოდგენილი. მუშაობდა 5 სექცია: იურიდიული, ეკონომიკა და ბიზნესი, მედიცინა, სოციალური მეცნიერებები (ჟურნალისტიკა, ფსიქოლოგია...) და ჰუმანიტარული მეცნიერებები (ენა და ლიტერატურა, ფილოსოფია). საკუთარი კვლევები წარადგინეს უცხოეთის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმაც.

როგორც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელმა ხათუნა კაჭარავამ განაცხადა, კონფერენციას წინა წელს უფო მეტი უნივერსიტეტისგან მოჰყვა გამოხმაურება, ამჯერად კი მონაწილეთა უმრავლესობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს წარმოადგენდა: ,,თუმცა, ეს ძალიან კარგია. ხდება ჯერ ერთი, სტუდენტების დაახლოება სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებთან, სამეცნიერო კვლევების წარდგენა და პირველი ნაბიჯები სამეცნიერო მუშაობის სფეროში. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი გამოცდილება იქნება სტუდენტებისთვის".

კონფერენცია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და დაახლოებით 4 საათს გაგრძელდა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტ ბადრი კობიაშვილის თქმით, ის ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი იყო. ,,განსაკუთრებით ხაზს გავუსვამდი მომხსენებელთა დამოკიდებულებას თემებისადმი, პრეზენტაციები შედგებოდა სიღრმისეული თემების ანალიზისაგან, რაც ჩემთვის, როგორც სტუდენტისთვის, რომელიც ახლა ცდილობს, პრობლემის არსს სიღრმისეულად ჩაწვდეს, მეტად საგულისხმო იყო".

,,კონფერენციაზე მონაწილეებმა წარმოადგინეს საკმაოდ საინტერესო ნაშრომები. განხილული თემები იყო აქტუალური და მნიშვნელოვანი. ამ კონფერენციამ ზოგიერთი მოვლენა სრულიად სხვა რაკურსით დამანახა" - აღნიშნა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტმა მირანდა თედეშვილმა კონფერენციის ბოლოს.

გამარჯვებულები 3 ნომინაციაში გამოვლინდებიან (საუკეთესო კვლევითი ნაშრომი, ორიგინალური კვლევა, საუკეთესო პრეზენტაცია) და მათ სერტიფიკატები გადაეცემათ.
ნინო ქემერტელიძის თქმით, კონფერენციამ საკმაოდ კარგად ჩაიარა: "ეს არ იყო მარტო იმიტომ, რომ დაწერილიყო: კონფერენცია ჩატარდა. სტუდენტები ერთმანეთს უსვამდნენ შეკითხვებს და იწყებოდა მსჯელობა. ეს ძალიან კარგია".

საერთაშორისო კონფერენციას უნივერსიტეტი ყოველი წლის ივნისის თვეში მასპინძლობს და ორგანიზატორები მას წარმატებულად მიიჩნევენ.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary